არსებობს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა - დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის - ამის შესახებ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
"არსებობს ასეთი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა და ამ დირექტივის ფარგლებში არაერთი მსგავსი ცვლილება დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობების ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე მოთამაშეებს შორის, გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები გამხდარიყო სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში, პარლამენტმა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის. ეს არის საშუალო ვადიანი პერიოდი. სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. სისტემური რისკები კი გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე.
აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი. სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დასჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ესაა. თუმცა იმპლემენტაციის პერიოდიც იქნება, ეს რომ სისტემურად გასწორდეს.
ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიცაა. იმიტომ, რომ სექტორმა შესაძლებელია შოკირებული დარტყმა მიიღოს და ამის შედეგად მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთან არის დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდებული არაა. ჩემი აზრით, შესაძლებელია ეს 6-9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
"რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოყალიბდეს. ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურული პრობლემის გასწორებაზე და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი და სიგრძიდან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში ქმნის დამატებით ხარჯებს, ამიტომ აუცილებელია, მიწოდების ჯაჭვის შემცირება. ეს ნიშნავს ურთიერთობების მაქსიმალურ დაახლოებას მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ არ იყოს შუალედური რგოლები და ასევე, მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას.
ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა ეს პროცესი ერთდღიანი არ არის და ეს პროცესი გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის და რეგიონში მცირე და საშუალო ზომის წარმოებისთვის, რადგან ასეთი ლოჯისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია აღნიშნულ ლოჯისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია ქსელებში, საცალო მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში. ეს არის ძალიან სტრატეგიული მიმართულება და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.“- განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება.
„დასკვნა სამ მიმართულებას ეფუძნება. პირველი, ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც არის საშუალო ვადიანი პერიოდი, 6-თვიდან 9-თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არაჯანსაღი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე, საუკეთესო პრაქტიკებზე. დასკვნაში სხვადასხვა ქვეყნის მოდელებია მოყვანილი - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესპანეთის, ჰოლანდიის.
დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქ უფრო დეტალურად დამუშავდება.
გრძელვადიანი სტრატეგია ლოჯისტიკური ჯაჭვის შემცირებასა და დამოკლებას მოიცავს, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას.
4 ქვეყნის გამოცდილება არის აღებული და თუ კი აღმასრულებელი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, აქედან ჩვენი რეკომენდაციაა - უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.