ავტორი:

სილამაზის კონკურსიდან ეკრანზე, ცნობილი მეუღლე და "ტოქსიკური" როლები - რა არის ცნობილი თურქული სერიალების ახალ ვარსკვლავზე

სილამაზის კონკურსიდან ეკრანზე, ცნობილი მეუღლე და "ტოქსიკური" როლები - რა არის ცნობილი თურქული სერიალების ახალ ვარსკვლავზე

თურქული სერიალების სამყაროში ახალი ტალღა აგორდა: Netflix-ის მიერ ორჰან ფამუქის გენიალური ნაწარმოების, „უმანკოების მუზეუმის“ ეკრანიზაციამ მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღება პირველივე სერიიდან მიიპყრო. განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა სერიალის ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი - სიბელი, ქემალით (სელაჰატინ ფაშალი) შეპყრობილი და მაღალი საზოგადოების წესებით მცხოვრები ქალი. ამ რთულ და დრამატულ როლს ეკრანზე ულამაზესი ოია უნუსტასი აცოცხლებს.

ვინ არის რეალურად მსახიობი, რომელმაც „ჰერჩაის“ შემდეგ კარიერულ პიკს სწორედ ახლა მიაღწია და როგორია მისი პირადი ცხოვრება, რომელიც თურქულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე მყარ და სამაგალითო კავშირად ითვლება?

ბალკანური ფესვები და ფლეიტის ჰანგებიდან - გადასაღებ მოედნამდე

ოია უნუსტასი 1988 წლის 31 მარტს სტამბოლში დაიბადა. მისი ოჯახური ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია: მამის მხრიდან ბულგარელი ემიგრანტების შთამომავალია, დედის მხრიდან კი მისი ფესვები სალონიკამდე მიდის. საინტერესოა მისი გვარის ისტორიაც - თურქულად „უნუსტასი“ „ფქვილის ოსტატს“ ნიშნავს. როგორც თავად მსახიობი იხსენებს, მის წინაპრებს ფქვილის ქარხნები ჰქონდათ და გვარიც აქედან მოდის.

ოია ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მისი დიდი ბებიის და, ნევინ პერე, ცნობილი ოპერის მომღერალი იყო, რომელსაც თავად ლუჩიანო პავაროტისთან ერთადაც კი უმღერია. თუმცა, თავად ოიამ თავიდან მუსიკალური გზა აირჩია. მან მიმარ სინანის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ფლეიტის განხრით დაამთავრა.

"ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი - ვხატავდი, ვცეკვავდი, ლექსებს ვკითხულობდი. მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც მეტი მინდოდა" - ამბობს მსახიობი. სწორედ ამ ძიებამ მიიყვანა იგი ლეგენდარულ აილა ალგანთან, სადაც კამერის წინ მსახიობობის ხელოვნებას დაეუფლა.

გზა აღიარებამდე: სილამაზის კონკურსიდან "ჰერჩაიმდე"

ბევრმა არ იცის, რომ 2013 წელს ოია უნუსტასი "მის თურქეთის" ფინალისტი იყო. კონკურსში მონაწილეობა მისი ბებიის დიდი სურვილი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ოიამ საუკეთესო ათეულში მოხვედრა მოახერხა, მისი მთავარი მიზანი მაინც მსახიობობა იყო.

მისი კარიერა 2011 წელს დაიწყო საკულტო ფილმში „წაგებულთა კლუბი“, რასაც მოჰყვა როლები სერიალებში „იზმირის ბანდა“ და „სევდალუქი“. თუმცა, ქართველი მაყურებლისთვის ის განსაკუთრებით ნაცნობი გახდა სერიალიდან „ჰერჩაი“ (Hercai), სადაც გონულ ასლანბეის როლს ასრულებდა. ამ როლმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა, თუმცა თავად მსახიობი აღიარებს, რომ „ჰერჩაის“ შემდეგ მის კარიერაში გარკვეული სტაგნაცია იყო, სანამ „უმანკოების მუზეუმის“ ქასთინგზე არ მიიწვიეს.

პირადი ცხოვრება: 15-წლიანი სიყვარულის ისტორია

ოია უნუსტასის პირადი ცხოვრება ნამდვილ კინოსცენარს ჰგავს. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი, აჰმეტ ტანსუ თაშანლარია (ცნობილი სერიალებიდან „ჩუქური“, „შავი ფული და სიყვარული“).

წყვილმა ერთმანეთი 15 წლის წინ, პირველივე სერიალის - „იზმირის ბანდის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ოია იხსენებს, რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ხშირად ტიროდა გამოუცდელობის გამო, აჰმეტი კი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ხელი გაუწოდა და გვერდით დაუდგა. მათი მეგობრობა წლების განმავლობაში ნელ-ნელა გადაიზარდა დიდ სიყვარულში. საინტერესოა, რომ ისინი ერთად თამაშობდნენ სერიალ „ჰერჩაიშიც“, სადაც მათმა პერსონაჟებმა საბოლოოდ იქორწინეს. რეალურ ცხოვრებაში კი წყვილმა 2021 წელს იქორწინა. შვილი ჯერჯერობით არ ჰყავთ.

"ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთს თვალებით ვუგებთ. ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო ისაა, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვართ. როცა ერთი ეცემა, მეორე აყენებს" - აცხადებს ოია ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. წყვილს შვილები ჯერჯერობით არ ჰყავს.

"უმანკოების მუზეუმი" და "ტოქსიკური" როლები

დღეს ოია ერთდროულად ორ დიდ პროექტშია დაკავებული. გარდა Netflix-ის სერიალისა, ის თამაშობს სერიალში "სიყვარული და ცოდვა" (Güller ve Günahlar), სადაც ბერაქის - საკმაოდ რთული და „ტოქსიკური“ დედის როლს ასრულებს. მსახიობი ამბობს, რომ ასეთი პერსონაჟების განსახიერება მას საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ეხმარება.

რაც შეეხება მის გარეგნობას, ოია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან თურქ მსახიობებს შორის, ვინც უარს ამბობს პლასტიკურ ქირურგიასა და ბოტოქსზე. "მეშინია, რომ თუ სახეს შევიცვლი, საკუთარ თავს დავკარგავ. ჩემი პროფესია ემოციების გამოხატვაა, ნიღბის ტარება კი ხელს შემიშლის,“ - ამბობს ის.

ოია უნუსტასი ახლა თავისი დიდების ზენიტშია. 38 წლის ასაკში მან მოახერხა ის, რაც ბევრს არ გამოსდის - შეინარჩუნა ბუნებრიობა, იპოვა სტაბილური სიყვარული და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახე თურქულ კინოინდუსტრიაში.

წაიკითხეთ ასევე: