გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დისშვილმა გაავრცელა.
"ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს, ფიზიკოსს და კონსტიტუციონალისტს, რომელმაც მთელი ცხოვრება განათლებას, ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა, ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება. მას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა. არტერიის ეს კონცერტიც ამას ეძღვნება" - დაწერა თამუნა ჯაფარიძემ.
AMBEBI.GE ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარა:
"სიმსივნე აღმომაჩნდა თირკმელზე... აქ ოპერაცია გამიკეთეს, ამომკვეთეს თირკმელი, თუმცა თირკმლის გარეთ რაღაც სიმსივნური დარჩენილა, რომელიც უნდა ამოკვეთილიყო. არ ვიცი, ეს უცოდინარობით მოუვიდათ, თუ რა... ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, თირკმელი იყო სიმსივნის პირველწყარო, თუ თირკმელზედა ჯირკვალი. შემდეგ მომიწია თურქეთში წასვლა, სადაც დამინიშნეს მკურნალობა, დასხივება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. არ ვიცით, როგორი შედეგი ექნება დასხივებას, ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება მკურნალობა.
ჯერ-ჯერობით, ამ ყველაფერში 23 ათასი დოლარი დაიხარჯა (ვისესხე). მითხრეს, ხელმეორე ოპერაცია რთულიაო, ამიტომ წავიდნენ თერაპიული გზით. ოპერაცია განიხილება უკიდურეს შემთხვევაში, თერაპიამ შედეგი თუ არ მოიტანა. ეს არის იმუნოთერაპიის ერთწლიანი კურსი, რომელიც 80 ათასზე მეტი ჯდება, ამას უკვე ვეღარ გავწვდები. ასეა ჩემი საქმე...
ექიმები იმედს მაძლევენ, მეუბნებიან, რომ ამდაგვარი შემთხვევები გვქონია და გეშველება, ვინაიდან სიმსივნე დროზეა აღმოჩენილი და პროცესი შორს არაა წასულიო. იმუნოთერაპია სამ კვირაში ერთხელ დამჭირდება, ერთი ინექცია კი 5 ათასი დოლარი ღირს. სესხის გარდა, მეორე სერიოზული თანხა ივლისში მექნება დასაფარი. ჩემი მდგომარეობის აფიშირებას არც ვაპირებდი, უბრალოდ, ჩემმა დამ დაიჟინა - დაწერა და გაასაჯაროვა. ბევრი ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე შემეხმიანა და გულთან მიიტანა ჩემი ამბავი, რისი მადლობელიც ვარ. თქვენც დიდი მადლობა. ვნახოთ, რა იქნება".
AMBEBI.GE ჯანმრთელობას უსურვებს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს, რომელსაც თქვენი დახმარება ესაჭიროება, აქვე გთავაზობთ საბანკო ანგარიშს:
თიბისი ბანკი, მიმღები: ვახტანგ ხმალაძე #GE76TB7879445064300001
საქართველოს ბანკი, მიმღები: ნინო ხმალაძე #GE93BG0000000161681355