ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მასში ასახული სისულელეების მიღმა, გულისხმობს მთავარს: საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყუებიან, რომ მაღალი ფასები ბიზნესის ბრალია. სინამდვილეში, ეს მთავრობის ბრალი უფროა. ფასები ვერ შემცირდება და ეს ბიზნესის ბრალი არაა, მთავრობის ბრალიაო,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნას ეხმაურება.
"ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მასში ასახული სისულელეების მიღმა, გულისხმობს მთავარს: საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყუებიან, რომ მაღალი ფასები ბიზნესის ბრალია. სინამდვილეში, ეს მთავრობის ბრალი უფროა. ფასები ვერ შემცირდება და ეს ბიზნესის ბრალი არაა, მთავრობის ბრალიაო.
თუმცა არცერთ წინადადებაში მთავრობა "დამნაშავედ“ არ იხსენიება, დასკვნის ფარული სამიზნე სწორედ მთავრობაა.
მოკლედ, ათასი ბოდვით კი შეუნიღბავთ, მაგრამ სათქმელი აშკარად ეგ აქვთ, მოკლე შინაარსი ამგვარია. ასე დაასკვნა ვითომ მთავრობაზე ვითომ პარლამენტმა.
არა და, "კომისიის" მუშაობის პერიოდში სრულიად სხვა რამ იყო ჩაფიქრებული და სრულიად სხვა განწყობა იგრძნობოდა: ყველაფერი უნდა დაჰბრალებოდა ბიზნესს და ფასნამატის ჭერი დადგენილიყო. ამიტომაც იყო, რომ კომისია სამი თვე ისე მუშაობდა, რომ კონკურენციის სააგენტოც კი არ მოსულა. ვინც ფასწარმოქმნის რეალურ მონაცემებს ფლობს - გეოსტატი, კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ბანკი - ისინი არ ყოფილან. იყვნენ მხოლოდ ისინი, ვის წინააღმდეგაც კომისია წინასწარ განწყობილი იყო, რომ დამნაშავედ უნდა გამოეცხადებინა.
საბოლოოდ რა მივიღეთ? კობახიძე გამოცხადდა მატყუარად, ხოლო "გადაწყვეტილებად" შემოთავაზებული ღონისძიებები, მთლიანად სამთავრობო კომპეტენციას განეკუთვნება. ანუ კობახიძე გამოცხადდა მაღალი ფასების შემოქმედად და ფასების დაწევის საკითხში არაკომპეტენტურად.
რა მოხდა შუაში ორ ფაქტს შორის: როცა კობახიძემ ტყუილებით შეუტია ბიზნესს და შექმნა კომისია მისთვის განაჩენის გამოსატანად და როცა მისმა კომისიამ თავად კობახიძეს გამოუტანა განაჩენი? ამას გავიგებთ ძალიან მალე. და ამ შუალედში, მათ შორის, მამუკა მდინარაძის მოხსნა რომ მოხდა, ესეც არ დაგვავიწყდეს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ უცაბედად პროპაგანდისტმა იმედმა, რომელიც მაღალ ფასებზე და ბიზნესმენების გაშავებაზე აკეთებდა სიუჟეტებს, ამ დღეებში იმის მტკიცება დაიწყო, რომ საქართველოში დაბალი ფასებია, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას: და ფასების შემსწავლელი კომისია მაშ რისთვის შექმნა კობახიძემ?
რა ხდება ხოლმე ასეთ დროს ყველამ კარგად იცის. იგივე მოხდება აქაც“,- წერს გვარამია.
ცნობისთვის, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია. "ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს", - მიიჩნევს კომისია. ასევე, კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.