ტრანს-აფრიკული ნაპრალი კენიისა და ეთიოპიის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 კილომეტრზეა გადაჭიმული. მეცნიერთა ვარაუდით, აღმოსავლეთ აფრიკის ნაპრალი უკვე განვითარების შორსწასულ ეტაპზეა.
მკვლევართა განცხადებით, აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილი გაყოფის პირასაა. გამოცემა ORIGO წერს, რომ ტურკანის ღრმულის ქვეშ, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის ნაპრალების სისტემის ნაწილია, დედამიწის ქერქი კრიტიკულ დონემდეა დათხელებული. ღრმულის ცენტრში ქერქის სისქე მხოლოდ 13 კილომეტრია, მაშინ როდესაც სხვა ადგილებში ის 35 კილომეტრს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ტრანს-აფრიკული ნაპრალი აფარის პლატოდან მოზამბიკამდე გადაჭიმული გიგანტური რღვევის სისტემის ნაწილია.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ რეგიონში აფრიკული და სომალის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ყოველწლიურად დაახლოებით 4,7 მილიმეტრით შორდებიან. ადამიანური თვალსაზრისით ეს მოძრაობა ძნელად შესამჩნევია, თუმცა გეოლოგიურ ჭრილში ეს უზარმაზარი ცვლილებაა.
სპეციალისტების აზრით, რღვევის პროცესი ამ რეგიონში უკვე შორსწასულ სტადიაშია.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი "ოკეანიზაცია“ გახდეს - პროცესი, როდესაც დედამიწის წიაღიდან ამოფრქვეული მაგმა ახალ ოკეანურ ფსკერს წარმოქმნის. მკვლევრები დასძენენ, რომ ეს პროცესი, როგორც წესი, მილიონობით წელს მოითხოვს, ამიტომ აფრიკის კონტინენტის საბოლოო გახლეჩა ერთ დღეში არ მოხდება.