გავრცელებული ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ირანი ნაღმებით აღჭურვილი დელფინების გამოყენებას განიხილავს.
როგორც “The Wall Street Journal“ ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რეგიონში დისლოცირებული აშშ-ის ხომალდების წინააღმდეგ მიმართული ახალი სამხედრო ოპერაცია შესაძლოა აქამდე გამოუყენებელი იარაღით, მათ შორის ნაღმების გადამტანი დელფინებით იერიშებსაც ითვალისწინებდეს.

გარდა ამისა, თეირანმა შესაძლოა სრუტეში წყალქვეშა ნავებიც გაგზავნოს. ამასთანავე, “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ უკვე დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ საკომუნიკაციო კაბელებს გადაჭრის, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს გლობალურ ინტერნეტკავშირს და კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში.
ჰორმუზის სრუტე უკვე რამდენიმე კვირაა ერთი მხრივ ირანის და მეორე მხრივ აშშ-ის სამხედრო ბლოკადის ქვეშ იმყოფება, რამაც ირანი ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა.
“თეირანში ბლოკადას სულ უფრო ხშირად განიხილავენ არა როგორც ომის ალტერნატივას, არამედ როგორც მის ერთ-ერთ გამოვლინებას, შესაბამისად, ირანელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა შესაძლოა ჩათვალონ, რომ კონფლიქტის განახლებით ნაკლებად დაზარალდებიან, ვიდრე გახანგრძლივებული ბლოკადის პირობებში ცხოვრებით“, - განაცხადა The Wall Street Journal“ -თან ინტერვიუში ჰამიდრეზა აზიზიმ, ბერლინში ბაზირებული კვლევითი ინსტიტუტის (SWP) ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტმა.