ავტორი:

პარიზში ავტობუსი მგზავრებიანად მდინარე სენაში გადავარდა - შოკისმომგვრელი კადრები

პარიზში ავტობუსი მგზავრებიანად მდინარე სენაში გადავარდა - შოკისმომგვრელი კადრები

30 აპრილს, დილით, პარიზში, ავტობუსის სტაჟიორმა მძღოლმა მართვა დაკარგა და ტრანსპორტი მგზავრებთან ერთად მდინარე სენაში გადავარდა. ავტობუსი წყალში თითქმის მთლიანად ჩაიძირა.

შემთხვევა საფრანგეთის დედაქალაქის ჟიუვისი-სიურ-ორჟის (Juvisy-sur-Orge) რაიონში, დილის 09:30 საათზე მოხდა. ავტობუსი, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, სადგურიდან ახალი გამოსული იყო, როდესაც გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, გზიდან გადავიდა და მანქანასთან ერთად წყალში ჩავარდა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ჩაძირული ავტობუსი და მის გვერდით მოტივტივე ლურჯი მსუბუქი ავტომობილი.

სანამ შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები 16 სახანძრო მანქანა, 34 მეხანძრე, 60 პოლიციელი და სამაშველო ჯგუფები მივიდოდნენ, დაზარალებულების თავად გამვლელები დაეხმარნენ.

“ყვირილის ხმაზე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ფანჯარაში გავიხედე და წყალში სამი ადამიანი დავინახე, რომლებიც ნაპირისკენ გაცურვას ცდილობდნენ, ერთ-ერთ მათგანს, ახალგაზრდა ქალს სამაშველო რგოლი გადავუგდე, რომელსაც ხელი ჩასჭიდა და ჩემს ტერასაზე ამოსვლა მოახერხა. შოკურ მდგომარეობაში იყო და აზრიანად ვერ საუბრობდა... ეს მართლაც საზარელი სანახაობა იყო", - ყვება ერთ ერთი ადგილობრივი.

ოფიციალური პირების განცხადებით დაზარალებულებს რაიმე მნიშვნელოვანი ფიზიკური ტრავმა არ მიუღიათ და ამ დროისთვის ოთხივე ადამიანი უსაფრთხოდ იმყოფება.

წყარო