ავტორი:

მარტო ოკეანეში 76 დღის განმავლობაში, გასაბერი ნავით და ზვიგენების თავდასხმის საფრთხის ქვეშ - გამძლეობის გასაოცარი მაგალითი: კაცი, რომელიც სასწაულად გადარჩა

მარტო ოკეანეში 76 დღის განმავლობაში, გასაბერი ნავით და ზვიგენების თავდასხმის საფრთხის ქვეშ - გამძლეობის გასაოცარი მაგალითი: კაცი, რომელიც სასწაულად გადარჩა

1982 წლის 29 იანვარს, გამოცდილი მეზღვაური, სტივენ კალაჰანი ზღვაში თავისი შექმნილი ნავით გავიდა. მისი მიზანი კანარის კუნძულებიდან ანტიგუას მიმართულებით, 3000 მილის გავლა იყო. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, 29 წლის კალაჰანი შტორმში მოყვა. ერთ ასეთ საღამოს, მოულოდნელად, ნავს რაღაც ძლიერად შეეჯახა, დააზიანა - წყალმა კორპუსში შეაღწია...

მეზღვაურმა სწრაფად შეაგროვა აუცილებელი ნივთები და სამაშველო, გასაბერ ნავზე გადასვლა მოახერხა.

  • 76 დღის განმავლობაში, იგი ატლანტის ოკეანის შუაგულში იყო გაჭედილი, საკვებისა და წყლის მინიმალური მარაგით.

პირველადი მოხმარების ნივთებში ჰქონდა: ცოტაოდენი თხილი, ქიშმიში, კვერცხი, ლობიოსა და ხორცის კონსერვი, კომბოსტო და დაახლოებით, 1 ჭიქა წყალი.

“ასეთ დროს გგონია, რომ მთელი შენი ცხოვრება წყალში ჩაიყარა. იმას ფიქრობ, როგორ უნდა გადარჩე. იწყებ ყველაფრის გაანალიზებას და საკუთარ თავს მკაცრად აკრიტიკებ წარუმატებლობისა და სისუსტის გამო. ძალიან რთულია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და ცხოვრების ნორმალურ რიტმში გაგრძელება”, - იხსენებდა მეზღვაური.

მიუხედავად იმისა, რომ კალაჰანი სრულად იაზრებდა საკუთარ მდგომარეობას, მან ეს სიტუაცია მოგზაურობის გაგრძელებად აღიქვა და არა - დასასრულად. აკეთებდა ყოველდღიურ ჩანაწერებს, ცდილობდა დაედგინა მდებარეობა პოლარული ჰორიზონტის, პოლარული ვარსკვლავისა და სექსტანტის დახმარებით. მეტიც, სექსტანტი თავად ააწყო ფანქრებისგან, რომელიც ნავიდან წამოღებულ ნივთებს შორის აღმოაჩნდა.

"ვვარჯიშობდი, ვაკეთებდი ყველაფერს რაც ყოველდღიური რუტინის შენარჩუნებაში დამეხმარებოდა. ხოლო ის, რისი შენარჩუნებაც აღარ შემეძლო, რადგან ყველაფერი გაქრა, გარკვეულწილად თავიდან უნდა შემექმნა: ახალი ჩვევები, სტრატეგიები და შემდგომ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მემოქმედა,” - ამბობს ის.

ამასობაში, კალაჰანი იკლებდა წონაში, სხეული კი წყლულებით ეფარებოდა. იკვებებოდა თევზებით და ჩიტებით, ხოლო დასალევად წვიმის წყალს იმარაგებდა. შუაგულ ოკეანეში ყოფნის 43-ე დღეს, მან შემთხვევით სამაშველო ნავის ფსკერი გახვრიტა, რომლის შეკეთებას 10 დღე მოანდომა. დროის სვლასთან ერთად, მეზღვაურმა ისწავლა, როგორ დაეჭირა თევზი შუბით და აერიდებინა თავი ზვიგენებისთვის.

როცა მის თავზე პირველმა თვითმფრინავმა გადაიფრინა და ირგვლივ ცვლილებებიც შენიშნა, კალაჰანმა იგრძნო, რომ თავგადასავალი დასასრულს უახლოვდებოდა.

1982 წლის 20 აპრილს, მაშინ, როცა თენდებოდა და მას უკვე დაახლოებით, 1800 მილი გაევლო, ფრინველებმა მოულოდნელად, ნავის ირგვლივ შეგროვება დაიწყეს. ფრინველთა გუნდი შორიახლოს მყოფმა ორმა მეთევზემ შენიშნა, ისინი ნავს მიუახლოვდნენ და მათ კალაჰანი აღმოაჩინეს. ის დაახლოებით 45 კგ-ს იწონიდა.

"საბოლოოდ, სწორედ თევზებმა მიხსნეს, მათ მოიყვანეს მეთევზეები ჩემამდე… მახსოვს, ექთანმა როგორ აიღო ჩემი მაისური, ორი თითით ეჭირა და განზე სწევდა. მე სუნს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საშინლად ვყარდი. ძველი, დამპალი თევზის და კიდევ ათასი რამის სუნი მექნებოდა. ის მაისური მას შემდეგ აღარც მინახავს,“ - იხსენებდა კალაჰანი.

სამაშველო ნავი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩენილი მეზღვაურის ერთადერთ თავშესაფრად იქცა, დღესაც ინახება მასაჩუსეტსის შტატში.

კალაჰანმა, რომელიც ახლა მეინის შტატში, თავის მეუღლესთან, კეტისთან ერთად ცხოვრობს, საკუთარი ისტორია წიგნად გამოსცა, სახელწოდებით - "Adrift: Seventy-Six Days Lost at Sea", რომლის მიხედვით, 2024 წელს ფილმიც გადაიღეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მას თავი არ დაუნებებია მეზღვაურობისთვის, პირიქით, მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო მტკიცე და დაკვირვებული გახადა… წყარო

მოამზადა მარიამ გამზარდიამ