ავტორი:

გოგონა "სხვისი შვილებიდან": უეცრად დასრულებული მსახიობობა და შეცვლილი პროფესია - "თენგიზ აბულაძემ თეატრის დატოვება მოსთხოვა და ამბობდა, სანანებელი შეცდომა დავუშვიო"

გოგონა "სხვისი შვილებიდან": უეცრად დასრულებული მსახიობობა და შეცვლილი პროფესია - "თენგიზ აბულაძემ თეატრის დატოვება მოსთხოვა და ამბობდა, სანანებელი შეცდომა დავუშვიო"

ამ ქალბატონთან ჩემი პირველი ინტერვიუ 1990-იან წლებში გავიდა საქართველოს რადიოს პირველი არხის ეთერში, მას მერე კიდევ ორჯერ ჩავწერე მასთან ინტერვიუ, რომლებიც ჟურნალ „გზაში“ დაიბეჭდა. ჩვენ შორის ისეთი თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა (ის იყო საოცრად კეთილი, უშურველი და სიყვარულით სავსე ადამიანი), რომ მასთან სახლში არაერთხელ ვყოფილვარ და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ხშირად ერთადაც მივდიოდით. თავის უმცროს მეგობარს მეძახდა, რაც ნამდვილად მეამაყება.

ასმათ ქანდაურიშვილი გახლდათ მსახიობი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, გალერისტი.

ამ წერილით მინდა გავიხსენო ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც სამი წლის წინ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1950 წლის ზაფხულია, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ჩადის ყვარელში. ერთ დღეს, თეატრის წარმომადგენლებს სახლში უმასპინძლა რაიკომის თანამშრომელმა - გრიგოლ ქანდაურიშვილმა. მისი 17 წლის ქალიშვილი ასმათი (სკოლა იმ წელს დაამთავრა), როიალს მიუჯდა - დაუკრა და იმღერა. გოგონამ დამსწრეთა ტაში დაიმსახურა და მაშინ უთქვამს დოდო ალექსიძეს: ეს ბავშვი ჩვენთან, თეატრალურში უნდა წავიყვანოო... ასეც მოხდა და ასმათ ქანდაურიშვილი ინსტიტუტში ჩაირიცხა. მარტო დოდო ალექსიძე არ ყოფილია მისით მოხიბლული. როგორც ქალბატონი ასმათის ჯგუფელი, ლეო ანთაძე ამბობს, ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც ეარშიყებოდნენო.

ბატონი ლეო იხსენებს:

- მე და ასმათი დიდი მეგობრები ვიყავით. მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებაში წარმატებები მქონდა, მაგრამ არ მაინტერესებდა და არც ვსწავლობდი პოლიტეკონომიას, მარქსიზმის თეორიას და მეცნიერულ კომუნიზმს. ასმათი ამ საგნებს როცა აბარებდა, ყოველი გამოცდის მერე ლექტორს სთხოვდა ხოლმე: ბარემ, ლეო ანთაძესაც დაუწერეთ ნიშანიო. მას ყველა ლექტორი კარგ ნიშნებს უწერდა, საერთოდ, კარგად სწავლობდა. ასე რომ, ასმათმა დამამთავრებინა ინსტიტუტი.

ძალიან ხშირად ვეხუმრებოდი, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. თეატრალური ინსტიტუტის გვერდით იყო კინოთეატრი „სპარტაკი“. ერთხელაც შევუთანხმდი: ლექციები რომ დამთავრდება, ახალი ფილმი გადის კინოთეატრში და წავიდეთ-მეთქი. ვიყიდე მხოლოდ ერთი ბილეთი. მივედით და კონტროლიორმა გადახია ბილეთი, ასმათს კი არ უშვებს. ის ჩემზე ეუბნება - ამასთან ერთად ვარო. მე კიდევ ვპასუხობ: ვინ არის, არ ვიცნობ-მეთქი. გარეთ დავტოვე, შეხუმრებულები ვიყავით...განაგრძეთ კითხვა