ნიუ-იორკში ქორწილები ხშირად გრანდიოზულია, თუმცა იშვიათად ხდება, რომ ასეთი ღონისძიებისთვის მეხუთე ავენიუ მთლიანად გადაიკეტოს.
პანკტი დოში და ავიშ ჯაინი, სამხრეთ აზიური წარმოშობის ინფლუენსერი წყვილი, სწორედ ასეთ მასშტაბურ ქორწილს გეგმავდა. მათი ხუთდღიანი ღონისძიება, რომელიც 21-25 აპრილს გაიმართა, გამორჩეული იყო როგორც ზომით, ისე კონცეფციით.

33 წლის პანკტი დოში სან-ფრანცისკოში გაიზარდა და მრავალმხრივი კარიერით გამოირჩევა. დღის განმავლობაში ის გენეტიკური კონსულტანტად მუშაობს, ხოლო პარალელურად კრეატიული დირექტორისა და ღონისძიებების კოორდინატორის საქმიანობას ეწევა. ის ფართო აუდიტორიისთვის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც Masala Mixtape-ის თანადამფუძნებელი — ეს ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხრეთ აზიური მუსიკალური ფესტივალია.

30 წლის ავიშ ჯაინი მუსიკოსია და კლასიკური მუსიკის წარმომადგენლად ითვლება, თუმცა პარალელურად ბოლივუდში მომღერლისა და მოცეკვავის კარიერაც აქვს. ჯაინი ხშირად გამოდის ინდუსტრიის წამყვან ვარსკვლავებთან ერთად.

"ორივე დამოუკიდებლად გავიზარდეთ ნიუ-იორკში“, - განუცხადა დოშიმ The Post-ს.
"გვინდოდა, რომ ეს ქორწილი არა მხოლოდ ჩვენზე ყოფილიყო ორიენტირებული, არამედ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენზე ზრუნავდა, ჩვენთან მუშაობდა და ჩვენი უფრო დიდი ხედვის სჯეროდა. სწორედ ამიტომ გვინდოდა ყველაფერი ნიუ-იორკში ჩატარებულიყო".
ქორწილის პირველი დღე ხმაურით დაიწყო Somewhere Nowhere NYC-ში, კლუბში, სადაც წყვილმა ერთმანეთი პირველად გაიცნო. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ჯაინის მიერ დადგმული ცეკვა - პირველი რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომრიდან, რომელიც ქორწილის კვირეულისთვის იყო მომზადებული.

ასეთი ტიპის სივრცეების დაქირავება საშუალოდ დაახლოებით 30 000 დოლარს შეადგენს. ამას ემატება საკვებისა და სასმლის ხარჯები, რომელიც ზოგჯერ ერთ სტუმარზე 150 დოლარსაც აჭარბებს, ასევე გართობისა და დეკორის დამატებითი ხარჯები.
სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ ინდურ რიტუალშიც — მეჰენდი, ხელების ჰენით მოხატვის ცერემონია, რომელიც სიხარულისა და ქორწინების კურთხევის სიმბოლოდ ითვლება.


წინასაქორწილო აღლუმი ნიუ-იორკი-ში განსაკუთრებით ხმაურიანი და მასშტაბური აღმოჩნდა.
ღონისძიებისთვის ნებართვა NYPD-ისგან დაახლოებით ექვსი თვით ადრე იყო მიღებული, რაც მეხუთე ავენიუს ერთსაათიან გადაკეტვას ითვალისწინებდა. აღლუმი 51-ე ქუჩაზე დაიწყო, მედისონის ავენიუდან დასავლეთის მიმართულებით გაგრძელდა და Radio City Music Hall-ის მიმართულებით დასრულდა.
მსვლელობაში მონაწილეობდა დაახლოებით 400 სტუმარი, დოლის დრამერები და მოცეკვავეები, რაც პროცესს ფესტივალის მსგავს ატმოსფეროს აძლევდა. აღლუმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ავიშ ჯაინის მიერ შესრულებული 2000-იანი წლების ბოლივუდური ჰიტები.


ქუჩის ღონისძიებებისთვის დღიური გადასახადი, მასშტაბის მიხედვით, შეიძლება 3,100 დოლარიდან 66,000 დოლარამდე მერყეობდეს.
"დაღლილები ვართ, მაგრამ კარგი გაგებით“, — თქვა დოშიმ - „როდესაც ექვს თვეს პროექტზე ატარებ, ეს მხოლოდ ქორწილი არ იყო — ეს იყო ჩვენი სასიყვარულო წერილი მანჰეტენისთვის. ჩვენ უბრალოდ სიყვარულით ვართ აღსავსე."