ავტორი:

40 წლის მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენების გამო, წამებით მოკლეს, ხოლო 21 წლის კარატისტი სიკვდილით დასაჯეს - რა ცნობები ვრცელდება ირანიდან

40 წლის მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენების გამო, წამებით მოკლეს, ხოლო 21 წლის კარატისტი სიკვდილით დასაჯეს - რა ცნობები ვრცელდება ირანიდან

გავრცელებული ინფორმაციით, ირანში დაკავების შემდეგ 40 წლის ჰესამ ალაედინი გარდაიცვალა. ცნობების მიხედვით, ალაედინი Starlink-ის გამოყენების გამო დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, დაკავების შემდეგ ის ცემის შედეგად გარდაიცვალა.

ალაედინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად ირანის ყოფილი მონარქის ოჯახის წევრმა, რეზა ფეჰლავიმ გაავრცელა.

"ისლამური რესპუბლიკის სასტიკმა და კრიმინალურმა რეჟიმმა ჰესამ ალაედინი წამებით მოკლა. 62 დღის განმავლობაში ეს რეჟიმი ირანელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას აგრძელებს. მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს" - დაწერა ფეჰლავიმ X-ზე.

IranWire-ის ცნობით, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. Starlink-ის მოწყობილობის აღმოჩენის შემდეგ, ალაედინი ოჯახის თვალწინ სასტიკად სცემეს. მისი ცხედარი ოჯახს მოგვიანებით დაუბრუნდა. საბოლოოდ, ის ოთხშაბათს დაკრძალეს, თუმცა ცერემონია პოლიციის მკაცრი კონტროლის ქვეშ ჩატარდა.

სხვადასხვა წყაროების თქმით, ხელისუფლება ელექტროენერგიასა და ინტერნეტს პერიოდულად თიშავს, რათა მოსახლეობის ინფორმაციის მიღება შეუზღუდოს.

ამავე ცნობებით, კიდევ ერთი შემთხვევა 21 წლის კარატის ჩემპიონს, სასან აზადვარ ჯუნკანს უკავშირდება, რომელიც პროტესტში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასაჯეს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

Euronews-ის ცნობით, ჯუნკანი 8 იანვარს დააკავეს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მან აღიარებითი ჩვენება მისცა. სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილით დასჯის საფუძველი.

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ მცირე 145 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

წყარო