76 წლის ასაკში მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია "ახმეტელის თეატრის" თეატრმა გაავრცელა. სწორედ ამ თეატრის განუყოფელი ნაწილი იყო ის.
სოხუმში დაბადებულმა ახალგაზრდამ 1972 წელს დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი. ნახევარი საუკუნე ქართულ სცენაზე იდგა. თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სოხუმის თეატრში გაანაწილეს, სადაც სამი წელი იმუშავა. დედაქალაქში, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის დაარსებულ ახმეტელის თეატრში კი 1981 წლიდან დღემდე მოღვაწეობდა. 2017 წლის 14 იანვარს მისი სახელობის ვარსკვლავი ამავე თეატრის შესასვლელთან გაიხსნა. იმავე წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღინიშნა მსახიობის სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი, რადგან ამ თეატრთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ბენეფისს იქაც იმსახურებდა. თავად კი არც თეატრალურ როლებს ითვლის, არც კინოროლებს, თუმცა, საკმაოდ ბევრია ისევე, როგორც ჯილდოები და პრემიები.
გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც ბატონმა ნუგზარმა 3 წლის წინ ჟურნალ "გზას" მისცა:
"სოხუმის თეატრში სამი წელი ვიმუშავე, მერე თბილისში გადმოვედი. ერთხანს თითქოს არტისტობაზე გული მქონდა აყრილი. სწორედ იმ დროს ვნახე, რომ რადიო-ტელევიზიაში დიქტორი სჭირდებოდათ. კონკურსი ტარდებოდა. იოლი არ იყო იქ მოხვედრა არ იყო, მაგრამ ბედი მაინც ვცადე. ტელევიზიას ნუგზარ ფოფხაძე ხელმძღვანელობდა, რადიოს კი, პეტრე შამათავა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი დრო იყო, ლექსი "კომუნისტი" ზეპირად უნდა გცოდნოდა და შამათავას ვიდრე არ ეტყოდი, მუშაობას არ დაგაწყებინებდა. სხვა რა გზა მქონდა, ვისწავლე და ჩავაბარე, მაგრამ მალევე დამავიწყდა. ამიყვანეს. საკმაოდ საინტერესო სამუშაო იყო და საკმაოდ დატვირთულიც ვიყავი, ჩემი ხმა "ოფიციალურ" გადაცემებსაც მოუხდა და იმ თემებსაც, როცა მხატვრული კითხვა იყო საჭირო. მოკლედ, ჩემზე ტაციაობა გახლდათ... მაგრამ მერე მაინც არტისტობამ სძლია. თუმცა არსად მივსულვარ და თეატრში აყვანის სურვილი არ გამომითქვამს, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ერთ დღეს ქუჩაში ცხონებული ლერი პაქსაშვილი შემხვდა. თეატრის დაარსების შესახებ თავისი ჩანაფიქრი გამანდო და მითხრა, ჩემთან მოდიო. მეც მივედი და დავრჩი".

"მეუღლე და ორი შვილი მყავს, კიდევ შვილიშვილიც მყავს კარგი, ანუკა. მეორე კურსის სტუდენტია. შემიძლია დავიტრაბახო, რომ უჭკვიანესი და ულამაზესია... სერიოზული თემები არ უნდათ, მაყურებელი უნდა გავართოთო. დღეს ეს არის ჩვენი ტელევიზია...".
"სოციალურ სივრცეში კომენტარებს არ ვკითხულობ, მაგრამ გააჩნია, ვინ წერს დადებითს. ჩემი შვილი, თამუნა მეტყვის ხოლმე, - ასე ნუ ლაპარაკობ, თორემ ეგონებათ, ვიღაცის გშურსო. ვისი უნდა მშურდეს ან რატომ? განა კარგის თქმა არ შემიძლია?! აი, მაგალითად, დღეს მოვისმინე ჯგუფი "ალეგრო". სამი ბიჭია, არაჩვეულებრივად ლამაზად, ხმებში მღერიან. მანამდე ვიღაც გამოვიდა და ეგონა, რომ მღეროდა, მე კი შევწუხდი. აქ ვიღაც სუფრასთან რაღაცას რომ დააჩხიკინებს, მეორე დღეს სცენაზე გამოდის... შენ ჩემი სიმღერა მოგისმენია?! კარგად ვმღერი, მაგრამ მაყურებელს არ ვაკადრებ სცენაზე გამოვიდე და ვიმღერო, თუ ეს სპექტაკლში არ მიწევს. საერთოდ, ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზრო, არც შენი ყოფით და არც ლაპარაკით. რამდენიც ტელევიზიაში დაგიძახებენ, იმდენჯერ კი არ უნდა გაიქცე, არც ყველაფერზე უნდა ისაუბრო. ტელევიზიაში ზის არტისტი და ძროხის შობადობის თემაზე საუბრობს. ბიჭო, შენ რა იცი?! შეიძლება ინტერვიუს ყველა თემაზე იძლეოდე?!".

"ამ სერიალის გამოსვლის შემდეგ რა კურიოზი არ მომხდარა. ერთხელ ავტობუსში ახალგაზრდა ბიჭმა მთხოვა, მოდი, სცენა გავითამაშოთო. ქალებმაც ხმა აუბეს, - მიდით რა, მიდით, ბატონო ნუგზარ, გაითამაშეთო. გადავირიე, - ხალხო, გიჟები ხომ არ ხარ-მეთქი?! სოციალურ ქსელში ფან-კლუბი ყოფილა. ვიღაცამ მეტროში ფოტო გადამიღო და იქ დადო. ვიღაცები კითხულობდნენ, - ვა, უჩა ზერაგიაც მეტროთი მგზავრობსო?! ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა, ავტობუსში ახლობელმა დამირეკა და ცოტა ომახიანი საუბარი გამომივიდა. ჩემ წინ ორი ქალი იჯდა და ერთ-ერთი შეწუხდა, - "ოოო", - თქვა და ორჯერ ხელი ისე აიქნია, ჩემკენ არ გამოუხედავს. ტრანსპორტში ხმამაღლა რომ საუბრობენ, მეც არ მიყვარს, ახლობელს დავემშვიდობე და იმ ქალბატონს მოვუბოდიშე: უკაცრავად, ხმამაღლა თუ მომივიდა, ვერ მოვზომე, მაგრამ საუბარი მალე დავასრულე-მეთქი. გაჩერებაზე რომ ჩავდიოდი, ქალბატონებს გვერდით ჩავუარე, ჩაფიქრებულმა შემომხედა და უცებ დაიმორცხვა, სახეზე ხელი აიფარა, - ვაიმეო. მიცნო და ალბათ იფიქრა, ეს როგორ მომივიდა, შენიშვნა ვის მივეციო...

აი, ეს არის კინო. მეფე ლირი, დონ-კიხოტი და რა ვიცი, კიდევ ისეთი როლები მაქვს ნათამაშები, მაგრამ მაინც ყველას უჩა ზერაგია ახსოვს. სერიალი ეთერში პირველად რომ გავიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე მინელდა. 20 წლის შემდეგ, ახლახან, ახლანდელმა ახალგაზრდობამაც ნახა და ყველაფერი ხელახლა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ ზედმეტი ლაი-ლაი არ უნდა იმას, რომ პოპულარობა კინოს მოაქვს, ხალხი ამით გცნობს. არ დაიჯერო, ვინც იტყვის, არ მიყვარს რომ მცნობენ, მაწუხებენო. ზღაპარია ეს, სიაფანდობა! არ გესიამოვნება ვინმე რომ მოვა და გეტყვის, - ანა, შენ გენაცვალე რა კარგი გოგო ხარო?! გიჟი უნდა იყო, არ გესიამოვნოს. ასეა, ჩემს გამოცდილებას ენდე. მით უმეტეს, როცა მსახიობი ხარ, ეს შენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია".
2024 წელს ჟურნალ "თბილისელებთან" ნუგზარ ყურაშვილი ჰყვებოდა, რომ მძიმე დაავადებას ებრძოდა და საბედნიეროდ, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა.
"ოპერაცია თურქეთში, აჯიბადემის საქვეყნოდ ცნობილ კლინიკაში გავიკეთე. ძალიან მაგარი კლინიკაა, აქ უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან სამკურნალოდ, მათ შორის ევროპიდან. ვერ გადმოგცემთ, რამდენად კარგი მომსახურება აქვთ და როგორი პროფესიონალები ჰყავთ. ძალიან ცნობილი ქირურგი ჰყავთ – ალი რიზა. მთელს ევროპაში განთქმული კაცია. მასთან მოხვედრა არ არის ადვილი. ორჯერ გადავადებინე ოპერაცია, რომ მას გაეკეთებინა. ასევე, ძალიან მაგარი ონკოლოგი ჰყავთ – ოზლემი. აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზე კეთდება. თუ ისეთი დიაგნოზი გაქვს, რომლის შველაც შესაძლებელია, აუცილებლად გიშველიან. თურქების რეკლამა გამომდის, მაგრამ რა ვქნა, ასეა. ვოცნებობ, ოდესმე ჩვენმა ქვეყანამაც მიაღწიოს იმავე პროფესიონალიზმს, რომ ქართველებს სხვა ქვეყნებში სირბილი აღარ გვჭირდებოდეს.
საბედნიეროდ, საქართველოშიც კარგი პროფესიონალები გვყავს. მე პირველი ოპერაცია თბილისში გავიკეთე, პროფესორ პერტიასთან. მან თავიდანვე გამაფრთხილა, რომ შარდის ბუშტი ამოსაღები იქნებოდა, მერე კი ქიმიოები დამჭირდებოდა. მისი მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემმა ვაჟიშვილმა გადაწყვიტა, თურქეთში წამოვსულიყავით, ჩემს ექიმს ეს რომ ვუთხარი, ძალიან კარგია თუ ამას შეძლებთო, მითხრა.

ჰაჯიბადემის კლინიკას თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს და ისინი ძალიან დამეხმარნენ. ამის გამო მადლიერი ვარ, თუმცა, ფინანსურად ძალიან რთულია, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული აქ მკურნალობა. მთავრობა და უამრავი ადამიანი რომ არ დამხმარებოდა, მე ამას ვერ გავწვდებოდი. ძალიან რთული ოპერაციაა, 45 ათასი დოლარი ჯდება. წარმოგიდგენიათ, ეს თანხა როგორი გადასახდელია მსახიობისთვის ან ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის საქართველოში?! ხალხი დამიდგა გვერდით, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ჩემი „ცხელი ძაღლით“ ასე თუ ვუყვარდი ხალხს. უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით და მაშინ მივხვდი ამას. არ ველოდი ასეთ სიყვარულს, არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი ასე მაფასებდა. არ მინდა, მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, მაგრამ ალბათ, ტყუილად არ მიცხოვრია. ამაზე ბევრს ვფიქრობ და ზოგჯერ გული ძალიან მიჩუყდება. ვიღაც 20 ლარს მირიცხავდა, ვიღაც – 5 ლარს, რაც შეეძლოთ, ნაცნობები თუ უცნობები. ფულში არ არის საქმე, ძნელია, ცხოვრების ისე გავლა, რომ ასე უყვარდე ადამიანებს. ცოტა მახსენდება, ვინც შეიძლება, ასე უყვარდეთ, თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ, ამას არც ველოდი, მაგრამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ტელევიზიაში თუ სოციალურ ქსელებში, რომ ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა. ცხოვრებაში შეცდომები როგორ არ დამიშვია, მაგრამ ალბათ, ცუდი ადამიანი არ ვარ და ამიტომ? შეიძლება, ჩემმა მშობლებმა ან შვილებმა გააკეთეს ბევრი სიკეთე და ამიტომ, არ ვიცი, რა ვთქვა, უფლის მადლობელი ვარ".
"ჩემმა ბიჭმა მეგობარი ბერები მომიყვანა. არ მსიამოვნებს ამას რომ ვამბობ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებდი. სიმსივნეს როგორ მოარჩენენ-მეთქი, ვამბობდი. მუცელზე დამადებდა ხელს ბერი და ლოცვებს კითხულობდა. მეც ვლოცულობდი. მერე გამოკვლევები რომ გავიკეთე, ბიჭოს, თითქოს ყველაფერი გამოსწორებული იყო. ავთვისებიანი სიმსივნე ისევ იყო, რომელიც ოპერაციის გარეშე არ გაქრებოდა, მაგრამ მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. რაღაც რომ უნდა დავიჯეროთ, რაღაცის ხომ უნდა ვირწმუნოთ. რწმენა უპირველესია. ადამიანი ყოველთვის გრძნობს ღმერთის ძალას. ასეთი შედეგი მხოლოდ მედიცინის პროგრესის დამსახურება არ არის".