ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებისთვის ცნობილი იყო, რომ ყავის მოხმარება ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას და ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, თუმცა ამ სარგებლის ზუსტი მექანიზმი აქამდე გაუგებარი რჩებოდა. ტეხასის A&M ვეტერინარული მედიცინისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა კოლეჯის ახალმა კვლევამ ამ საკითხს ნათელი მოჰფინა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყავაში შემავალი ნაერთები ააქტიურებენ NR4A1 რეცეპტორს - ორგანიზმის თავისებურ "დეტექტორს“, რომელიც უჯრედების დაზიანების შემცირებას უზრუნველყოფს, არეგულირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას. სწორედ ეს პროცესებია მჭიდროდ დაკავშირებული დაბერებასა და ქრონიკული დაავადებების განვითარებასთან.
ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ პირველად აჩვენა პირდაპირი კავშირი ყავასა და ამ რეცეპტორს შორის, რაც ხსნის სასმლის ფართო გამაჯანსაღებელ ეფექტს.
"ყავა ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს ეფექტი ნაწილობრივ დაკავშირებულია ყავის ნაერთების ურთიერთქმედებაზე იმ რეცეპტორთან, რომელიც ორგანიზმს სტრესით გამოწვეული დაზიანებებისგან იცავს“, - აღნიშნა კოლეჯის ვეტერინარული ტოქსიკოლოგიის კათედრის გამგემ, სტივენ სეიმ.
NR4A1 მიეკუთვნება ბირთვული რეცეპტორების ოჯახს, რომლებიც სტრესისა და დაზიანების საპასუხოდ გენების აქტივობას არეგულირებენ. წინა ნაშრომებში სეი და მისი კოლეგები NR4A1-ს აღწერდნენ, როგორც "საკვები ნივთიერებების სენსორს“ - რეცეპტორს, რომელიც რეაგირებს საკვებში არსებულ ნაერთებზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაბერების პროცესში.
"პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილის დაზიანებისას NR4A1 აქტიურდება მის შესამცირებლად. თუ ამ რეცეპტორს გამოვრთავთ, ზიანი გაცილებით იზრდება“, - განმარტავს სეი.
კვლევებმა აჩვენა, რომ NR4A1 მონაწილეობს ბიოლოგიური პროცესების ფართო სპექტრში, მათ შორის მეტაბოლიზმსა და უჯრედების რეგენერაციაში. ეს ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული ასაკობრივ დაავადებებთან, განსაკუთრებით ნეიროდეგენერაციულ და მეტაბოლურ დარღვევებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ყავა დიდი ხანია ასოცირდება ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების რისკის შემცირებასთან, კვლევების უმეტესობა მხოლოდ დაკვირვებით ხასიათდებოდა. ახლა კი სეის გუნდმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ყავის სასარგებლო ეფექტის ნაწილი სწორედ NR4A1 რეცეპტორს უკავშირდება.
კვლევისას დადგინდა, რომ ყავაში არსებული რამდენიმე ნაერთი, კერძოდ, პოლიჰიდროქსილური და პოლიფენოლური ნივთიერებები (მაგალითად, კოფეინის მჟავა), უკავშირდება ამ რეცეპტორს და გავლენას ახდენს მის აქტივობაზე. მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ როდესაც უჯრედებიდან NR4A1-ს აცილებდნენ, ყავის დამცავი ეფექტი ქრებოდა.
საინტერესოა, რომ კოფეინი არ აღმოჩნდა ამ დადებითი ეფექტების მთავარი ფაქტორი. მთავარ როლს ბუნებრივი ნაერთების მთელი სპექტრი ასრულებს, რომელთაგან ბევრი ხილსა და ბოსტნეულშიც მოიპოვება.
"კოფეინი უკავშირდება რეცეპტორს, თუმცა ჩვენს მოდელებში მან მნიშვნელოვანი აქტივობა არ აჩვენა. ბევრად უფრო აქტიურია პოლიფენოლური ნაერთები“, - ამბობს სეი. ეს ნიშნავს, რომ სასარგებლო თვისებები აქვს როგორც ჩვეულებრივ, ისე უკოფეინო ყავას.
სტივენ სეი ხაზს უსვამს, რომ ყავის ეფექტი, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი მექანიზმით არ შემოიფარგლება: "არსებობს ბევრი რეცეპტორი და ბევრი გზა. ჩვენ ვაჩვენეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა“.
ეს აღმოჩენა შეიძლება დაეხმაროს ახალი სამკურნალო მეთოდების შექმნას. სეის გუნდი უკვე მუშაობს სინთეტიკურ ნაერთებზე, რომლებიც NR4A1 რეცეპტორზე ბუნებრივ ნივთიერებებზე უფრო ეფექტურად იმოქმედებენ.
ამ ეტაპზე კვლევის შედეგები არ ცვლის ყავის მოხმარების არსებულ რეკომენდაციებს, რადგან ორგანიზმის რეაქცია ინდივიდუალურია. თუმცა, მეცნიერებას ახლა უკვე აქვს კონკრეტული ბიოლოგიური ახსნა იმისა, თუ რატომ არის ყავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გრძელვადიან პერსპექტივაში.