ავტორი:

"ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ილია II-ის არცერთ წინამორბედ პატრიარქს წმინდანად არავინ შეურაცხავს" - სერგო ვარდოსანიძე წმინდანად შერაცხვის კრიტერიუმებზე: რის საფუძველზე ხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა

"ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ილია II-ის არცერთ წინამორბედ პატრიარქს წმინდანად არავინ შეურაცხავს" - სერგო ვარდოსანიძე წმინდანად შერაცხვის კრიტერიუმებზე: რის საფუძველზე ხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა

სიონის საპატრიარქო ტაძარში XX საუკუნეში მოღვაწე უკვე 9 პატრიარქია დაკრძალული. მათგან სამი წმინდანად არის შერაცხული. ვინ არიან ეს პატრიარქები, როგორ ხდება საერთოდ წმინდანად შერაცხვა, როგორ და როდის შეირაცხნენ XX საუკუნეში მოღვაწე სამი პატრიარქი წმინდანებად, - ამ თემაზე ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე გვესაუბრება.

- წმინდანად შერაცხვა განსაკუთრებული მოვლენაა. რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება და რამდენად მნიშვნელოვანია ერისკაცისთვის თუ სასულიერო პირისთვის თუნდაც ისტორიული კონტექსტი, რომელშიც მას მოუწია მოღვაწეობა?

- ადამიანის წმინდანად შერაცხვა განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ერთი მხრივ უკავშირდება მის ქრისტიანულ ცხოვრებას, სულიერ სიმტკიცეს და მეორე მხრივ - იმ იდეისადმი და საქმისადმი თავდადებას, თავგანწირვას, რასაც საკუთარი ქვეყნის მსახურება ჰქვია. საქართველოს ისტორიაში წმინდანებად ასე შეირაცხნენ ჩვენი მეფეები, გამორჩეული მხედართმთავრები და რიგითი ადამიანებიც კი, რომელთაც პირნათლად აღასრულეს ეს მისია და დააკმაყოფილეს ის კრიტერიუმები, რაც ეკლესიას აქვს. ეს მთელი ისტორიის მანძილზე სულ ასე იყო.

წმინდანად შერაცხვას ყოველთვის წინ უძღვის ღრმა კვლევა და დასაბუთება - რატომ იმსახურებს ესა თუ ის პიროვნება ეკლესიის ამ უმაღლეს აღიარებას. ჩვენს უახლეს ისტორიაში, 1917 წელის 15 მარტიდან, ანუ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1987 წლის 2 აგვისტომდე, ილია II-ის არცერთ წინამორბედ პატრიარქს წმინდანად არავინ შეურაცხავს.

XX საუკუნეში ეს ნაბიჯი წმინდა სინოდმა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით პირველად გადადგა, როდესაც ერისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ილია ჭავჭავაძე წმინდანად შეირაცხა.

ახლა რა არის ეს განსაკუთრებული დამსახურება: პატრიარქის აზრით, ილია ჭავჭავაძე გახლდათ ადამიანი, რომლის საქმეც, რასაც ემსახურებოდა, იყო სიმართლის მსახურება. ამიტომ პატრიარქმა როდესაც ის წმინდანად შერაცხა, "წმინდა ილია მართალი“ უწოდა. მისი ის ქადაგება კი ასე შევიდა ისტორიაში. მან დაასაბუთა რატომ უნდა ყოფილიყო ილია წმინდანი.

ილია ჭავჭავაძის ხატი და ფოტო

- მკითხველს რომ ავუხსნათ, როგორ დასაბუთდა?

- პატრიარქის ის ქადაგება თავიდან ბოლომდე რომ წავიკითხოთ და გავიაზროთ - გამორჩეულია. ის ბრძანებს, ილია ჭავჭავაძემ იტვირთა ის უდიდესი მისია, რამაც ერი სიბნელისგან გამოაღვიძა. მაშინდელი ხელისუფლება როდესაც ყველაფერ ქართულს ებრძოდა, მას ეროვნული ინტერესები აიძულებდა, ყველაფერი ემხილა. პატრიარქმა დაასაბუთა ილიას როლი საქართველოს ისტორიაში, ახსნა მისი უდიდესი მისია. რომ ილიამ ერი სულიერი და ეროვნული გადაგვარების საფრთხისგან იხსნა, გამოაღვიძა, ის იძულებული იყო, ყოფილიყო ისტორიკოსიც, ფილოლოგიც, ეკონომისტიც და ენის დამცველიც.

ის სათავეში ჩაუდგა ეროვნულ საქმეს და იქვე გამოიყო მისი ღვაწლი ეკლესიის მიმართულებით - მან საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას ავტოკეფალიის აღსადგენად. მისი ცხოვრება ელია წინასწარმეტყველის ცეცხლოვან ეტლს შეადარა - "ილიას ცხოვრების ეტლმა, ელია წინასწარმეტყველის ეტლის მსგავსად, ცეცხლის კვესებით გადაუარა საქართველოს ცას და წარუშლელი კვალი დატოვა“. ის ისეთ დროს მოვიდა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგა, როდესაც ავტოკეფალიაც და სახელმწიფოებრიობაც საფრთხეში იყო. მან მოსახლეობაში რწმენა დააბრუნა, რაც დაკარგული გვქონდა. წმინდანად შერაცხვა თავისი ღვაწლითა და მოწამეობრივი აღსასრულით დაიმსახურა და საქართველოში წარუშლელი კვალი დატოვა. წიწამური კი ჩვენი ერის "გოლგოთად“ იქცა. წიწამური ყველა იმ ადამიანის სამსხვერპლოა, ვინც ჭეშმარიტებას და სიმართლეს იცავს. სწორედ ამ ღვაწლისა და მოწამებრივი აღსასრულის გამო გახდა ის - ილია "მართალი“.

პატრიარქის წარდგინებას სინოდმა ერთხმად მხარი დაუჭირა. ეს იყო ერისა და ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო.

- ვინ იყვნენ ის იერარქები, მამამთავრები, რომელთაც ილია მართლის შემდეგ წმინდანის შარავანდედი ერგოთ?

- ილიას შემდეგ დღის წესრიგში დადგა იმ პატრიარქების საკითხი, რომელთაც ავტოკეფალიის აღდგენის რთულ გზაზე თავი გასწირეს. პირველი მათგანი იყო წმინდა ამბროსი ხელაია, რომელიც 1995 წელის 18-19 სექტემბერს სინოდის მე-13 გაფართოებულ კრებაზე წმინდანად შერაცხა. ის ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი 1921-1927 წლებში იყო. მან ხმა აღიმაღლა საქართველოს ეკლესიური და სახელმწიფოებრივი თავისუფლებისათვის, დაგმო ბოლშევიკური ოკუპაცია. გენუის საერთაშორისო კონფერენციას საგანგებო მემორანდუმით მიმართა, სადაც ბოლშევიკური ოკუპაცია ამხილა და მოითხოვა, საქართველოს დახმარებოდნენ, ოკუპანტების წინაშე მარტო არ დაეტოვებინათ. ამას მოჰყვა ხელისუფლების რეაგირება - დააპატიმრეს. 1925 წლამდე საპატიმროში იყო. მისი დახვრეტაც კი უნდოდათ, მაგრამ, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურების მცდელობით, დახვრეტას გადარჩა. მისი ცნობილი სიტყვებია: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, ჯალათებო“.

ამბროსი ხელაიას ხატი და მისი რეალური ფოტო

- შემდეგ რომელი პატრიარქი შერაცხეს წმინდანად?

- კირიონ II ავტოკეფალიის აღდგენის მთავარი მოთავე იყო. 1917 წლის 17 სექტემბრიდან 1918 წლის 27 ივნისამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II გახლდათ. მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა - სწორედ 1918 წელს 27 ივნისს მარტყოფში საპატრიარქო რეზიდენციაში მოკლეს, რამაც ათასნაირი ვერსია გააჩინა... მაშინდელმა ხელისუფლებამ სცადა, მკვლელობა თვითმკვლელობად გაესაღებინა, რაც პატრიარქისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იყო. არცერთი ვერსია მართალი არ იყო. ამ ფაქტის დასაბუთება, თუ რა მოხდა რეალურად, მე გავაკეთე. თავის დროზე, ამაზე ძალიან საინტერესო გამოკვლევა მაქვს - ეს საკითხი პირადად ვიკვლიე.

კირიონ II - ხატი და რეალური ფოტო

2002 წლის 17 ოქტომბერს პატრიარქმა ილია II-მ საკითხი სინოდის სხდომაზე გაიტანა და საგანგებოდ მიმიწვია. იმ მოარული მოსაზრების საპირისპიროდ, რომ თითქოს კირიონმა თავი მოიკლა, აზრი უნდა გამომეთქვა. წარვადგინე მტკიცებულებები, რომ კირიონს თავი არ მოუკლავს, რომ იგი მოკლეს. პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, სინოდიც დაეთანხმა, რომ წმინდანად შეერაცხათ.

- მესამე წმინდანი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეა. რას გვეტყვით მასზე?

- ის ეკლესიას სათავეში ურთულეს პერიოდში ედგა - ეს იყო 1932-1952 წლები. ეკლესიების დიდი ნაწილი დახურული იყო, სასულიერო პირები კი დევნილები იყვნენ და მინიმალური რაოდენობის მოქმედი ეკლესია არსებობდა. კალისტრატე ცინცაძე 2016 წლის 22 დეკემბერს მაშინდელი ქუთათელი მიტროპოლიტის კალისტრატე მარგალიტაშვილის წარდგენის საფუძველზე წმინდანად შეირაცხა, რასაც ცხადია, სინოდმა მხარი დაუჭირა.

კალისტრატე ცინცაძე - ხატი და რეალური ფოტო

- ეკლესია მის მთავარ ღვაწლად რას მიიჩნევს?

- გარდა იმისა, რომ კალისტრატეს პერიოდში ეკლესიების უმეტესობა დახურული იყო, მას პირადი ტრაგედიაც დაატყდა თავს - შვილი, ნინო ცინცაძე, დაუხვრიტეს... მიუხედავად ამისა, ეკლესიის გადარჩენა წარმოუდგენელი დიპლომატიით შეძლო. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, საბჭოთა მთავრობას ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირა. მერე იგივე მოხდა რუსეთშიც. სტალინთან კონტაქტების მეშვეობით მოახერხა, რუსეთის ეკლესიას, 1943 წლის ოქტომბერში, მისი უდიდესი დამსახურებით ოფიციალურად საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია ეღიარებინა, რომელიც 1917 წელს აღიდგინა. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი და ის გარდამტეხი მომენტია, რაც კალისტრატე ცინცაძის შემთხვევაში შეიძლება დამსახურებად ჩაითვალოს. 2016 წელს ის წმინდანად შეირაცხა.

- ბატონო სერგო, ილია II-ის წმინდანად შერაცხვის შესახებ მოსაზრება რამდენჯერმე გამოითქვა. რას ფიქრობთ ამაზე?

- ამას დრო სჭირდება.

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოხდება, მაგრამ ახლა - არა. საერთოდ ეს წმინდა საეკლესიო თემაა და საეკლესიო ტრადიციით გარკვეულ დროს მოითხოვს. ეს ერთ და ორ დღეში გადასაწყვეტი საკითხი არაა, ალბათ რამდენიმე წელი მაინც უნდა გავიდეს.