საქართველოში არც ისე ბევრი, მაგრამ საკმარისი რაოდენობითაა შემორჩენილი ასწლიანი და კიდევ უფრო მეტი ხნის სახლები. ზოგი ნორმალურ მდგომარეობაშია, ზოგი დროისგან ძალაგამოცლილი და შებღალული, ზოგიც რესტავრირებული. სახლის პატრონებსაც სხვადასხვაგვარი მიდგომები აქვთ. მათ შორის არის კატეგორია, რომლებსაც სახლი მემკვიდრეობით ერგოთ და მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ნაწილი უსახსრობის გამო ვერ უვლის, არიან ისეთები, რომლებსაც უბრალოდ უყვართ ძველი სახლის შეძენა, ყიდულობენ და შენობას მხოლოდ მცირედი რესტავრაციით აცოცხლებენ...
ფაქტია, სახლი, რომელიც 100 წლისაა და კიდევ მეტისაც, თავისი ისტორია აქვს. ერთ ასეთ სახლზე უნდა გიამბოთ...
გურჯაანის ღვთისმშობლის სახელობის ორგუმბათოვანი ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გურჯაანში, მეღვინე გრიგოლ აბესაძემ XIX საუკუნეში მარანი ააშენა. ყურძენი პირველად 1895 წელს დაწურა და დააყენა ქვევრის ღვინო ტრადიციული კახური წესით. ამ ტრადიციას მისი შთამომავლები დღემდე იცავენ და მარანიც დღემდე თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული.
გრიგოლ აბესაძე რამდენიმე ენას ფლობდა, მუშაობდა თარჯიმნად. 1920-იან წლებში მიხვდა, რა დაუნდობელიც იქნებოდა საბჭოთა რეჟიმი და გაკულაკებისგან თავდასახსნელად, თავად გადასცა ვენახები და მარანი საბჭოთა მთავრობას. ასე შეინარჩუნა ოჯახთან ერთად შენობის მეორე სართულზე ცხოვრების უფლება, ხოლო მისი სახლის მარანში მთავრობამ გურჯაანის ღვინის ბანკი გახსნა...
შენობა ამჟამად მის შთამომავლებს ეკუთვნით და დიდი პაპის საქმეს განაგრძობენ. მარნის გვერდით ერეკლე II-ის დროინდელი წმინდა გიორგის (ქაშუეთის) ტაძარია და მიმდებარე ველებზე მოყვანილი ყურძნის ღვინოსაც მისი სახელი უწოდეს, რაც ამ მარნის განსაკუთრებული ღვინოა.
- გურჯაანელები ვართ და ვუვლით დიდი პაპის მამულს, სახლს, ვენახსა და მარანს სოფელ გურჯაანში. შენობა და მარანი 1895 წელს არის აშენებული. ჩვენი წინაპრები მეღვინე-მევენახეები იყვნენ. ეს იყო მათი პროფესია და ჩემმა დიდმა პაპამ ეს სახლი რომ ააშენა, ხელი მიჰყო მეღვინეობას. შემდგომი თაობებიც აგრონომები იყვნენ, მე მეოთხე თაობის შთამომავალი ვარ.
1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს, 1924 წლამდე სრულიად თავისუფალი იყვნენ მეურნეები, ფართობიც საკმარისად ჰქონდათ და არცთუ ცოტა ღვინოს აყენებდნენ. სირაჯები თბილისიდან ჩამოდიოდნენ, ყიდულობდნენ და მიჰქონდათ. ცხადია, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აწარმოებდნენ. ჰქონდათ რქაწითელი, საფერავი და ცოტა კახური მწვანეც.
- და საბჭოთა რეჟიმმა ყველა "გაათანაბრა"... მაგრამ გრიგოლ აბესაძე წინდახედული კაცი ყოფილა.
- კოლექტივიზაციის დროს ხალხს ნაკვეთები, საერთოდ, ყველაფერი ჩამოართვეს. პაპაჩემს დახვრეტას ან გადასახლებას უპირებდნენ, მაგრამ განათლებული და გამოცდილი კაცი იყო, იმ რეპრესიებს გადაურჩა - ნაკვეთები და სახლის ნაწილი კომუნისტებს ნებაყოფლობით ჩააბარა. იცოდა, რაც ხდებოდა და თავიც გადაირჩინა და ოჯახიც.
როდესაც კოლექტიური მეურნეობები ჩამოყალიბდა, ხომ უნდოდა ყურძენს სადღაც დაწურვა და ღვინის დაყენება. ამიტომაც ასეთი მარნები ვისაც ჰქონდა, ზოგს წაართვეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგიც გადაასახლეს. ჩვენს მარანში ღვინის ბანკი შექმნეს, სადაც კოლმეურნეობა მოწეულ ყურძენს წურავდა, რადგან ჯერ ქარხნები არ ჰქონდათ. პაპა მეორე სართულზე ცხოვრობდა. მერე ქარხნები რომ ააშენეს, ეს მარანი აღარ დასჭირდათ და წავიდნენ, ოღონდ ჩვენებს იქ ბიზნესის წარმოების უფლება არ ჰქონდათ, ღვინოს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აყენებდნენ...
- ღვინის წარმოების რა ტრადიცია და მემკვიდრეობა გერგოთ?
- მარანი თავისი ქვევრებითა და ყველაფრით, და გამოცდილება, რაც ოჯახიდან მოგვყვა. შემდეგ აგრონომიაში კი შევისწავლე რაღაცები, მაგრამ რა მეთოდითაც ვუვლიდით და ვუვლით ვენახებს, იმას მივყვებით - ბიომიმართულებას. რა ვენახებიც გვქონდა, ისევ ის ვენახები გვაქვს და ჩვენთვის საკმარისია. ერთი ჰექტარია, რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე მოგვყავს.
- ქვევრები ყველა ძველია?
- კი, ისიდორე ჩუბინიძის ნახელავი. ერთ-ერთი დიდი ოსტატი იყო. სულ 30 ტონის მოცულობისაა, მაგრამ მაგდენს არ ვტვირთავთ. მაგდენი ღვინის წარმოება, თან "ბიო" და ხარისხიანი, ძვირი ჯდება. მარანი შპს-ს სახით მაქვს დაფიქსირებული, როგორც მცირე მარანი. მუშაობითაც მარტო მე ავუდივარ. 3 ტონა ღვინის დაყენებაში დამხმარე არ მჭირდება.
- ისე, ეს ყველაფერი ხომ ისედაც იცოდით და აგრონომობა რატომ აირჩიეთ?
- ბავშვობიდან ვიყავი ამ საქმეში ჩართული. მამაჩემს ნაკვეთში დავყვებოდი, ვუყურებდი, როგორ მუშაობდა, ვაკვირდებოდი სხვადასხვა მცენარეს. რადგან ამ საქმეს ვიცნობდი, ვიფიქრე, მოდი, უფრო საფუძვლიანად გავაგრძელებ-მეთქი, თან ოჯახის ტრადიცია პროფესიითაც განვაგრძე. სხვანაირად არც შეიძლებოდა... ახლა ეს ყველაფერი შეიძლება ბიზნესი იყოს, მეტად გაფართოვდეს, მაგრამ ჯერჯერობით სხვა სამუშაოების პარალელურად ვუვლი ვენახს და ვაყენებ ღვინოს. ამიტომ გატაცების დონეზე რჩება. ისეთი სფეროა, თუ ერთი დაიწყე და მიჰყევი, ვერ შეეშვები.
- ძველი სახლის რესტავრაციას აპირებთ?
- ისევე გამოიყურება, როგორც ადრე, არაფერი გაგვიახლებია, მხოლოდ კიბე შევუცვალეთ. ისეა, როგორც მუზეუმი... სახლის სიახლოვეს ძველი ვენახები გვაქვს, მაგის გარდა, კიდევ სხვაგანაც. ხანდახან ტურისტი თუ მოდის, აქაურობას ვათვალიერებინებთ.
ყველაფერი გვაქვს, სადეგუსტაციო დარბაზიც, კარგი ღვინო მაქვს და ვისაც ასეთი ღვინის დალევა უნდა, ის ხალხი მოდის... ამ ყველაფრის ბიზნესად ქცევა დროს მოითხოვს. თანაც სახლის აღსადგენად ფინანსებია საჭირო, მაგრამ ისე უნდა აღადგინო, ავთენტურობა არ დაუკარგო.
ქვევრებიც ამ სახლშია და მარანიც. ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, იქაც 100 წლის მარანია, რომელსაც სახლი ადგას გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული. ჩემთან ღვინის დასაძველებელი მარანია - ქალაქში რომ ვამზადებთ ღვინოს, აქ მოგვაქვს და ვინახავთ... მოკლედ, ვისურვებდი, მეტად ავმუშავდეთ და გავფართოვდეთ.