ავტორი:

ამბიდან წიგნამდე - უთქმელი ისტორიების ახალი სიცოცხლე

ამბიდან წიგნამდე - უთქმელი ისტორიების ახალი სიცოცხლე

ლიტერატურა თავისი არსით ყოველთვის იყო ადამიანის გამოცდილების გადამუშავების ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ის არის ერთგვარი თავშესაფარი, სადაც წარსულის აჩრდილები მოსაყოლ ამბებად იქცევიან, ხოლო გადატანილი ტრავმები - შემოქმედებით ენერგიად. გამომცემლობა „პალიტრა L“, თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის ერთგული რჩებოდა მთავარი მისიისა: აღმოაჩინოს, შექმნას და მკითხველამდე მიიტანოს ისეთი ღირებულებები, რომლებიც დროს უძლებს. ამავე მისიით ის მორიგ მასშტაბურ ნაბიჯს დგამს. პროექტი „ამბიდან - წიგნამდე“ არ არის მხოლოდ მორიგი ლიტერატურული ინიციატივა; ეს არის სოციალური მისია, რომელიც მიზნად ისახავს ქალების ხმის გაძლიერებას და მათი პირადი, ხშირად დაფარული ისტორიების წარმოჩენას.

„ამბიდან - წიგნამდე“ ეხმიანება იმ რეალობას, რომელშიც ქალებს ხშირად ორმაგი სოციალური წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. რთული ცხოვრებისეული გარდატეხები, უთქმელი ტკივილი და ისტორიები, რომელთა სიმძიმესაც ადამიანები მთელი ცხოვრება ატარებენ, ამ პროექტის ფარგლებში იძენს შანსს, გარდაიქმნას ლიტერატურულ უკვდავებად.

პროექტის კონცეფცია

რატომ ქალებისთვის? იმიტომ, რომ უახლოესი წარსულის სოციალური გარემო განსაკუთრებით მძიმედ სწორედ მათ გამოცდილებაზე აისახა. საკუთარი ამბების მხატვრულად გადმოცემა არ არის მხოლოდ თვითგამოხატვა - ეს არის ღრმა თერაპიული პროცესი. შემოქმედებითი წერა გვეხმარება წარსულის გადაფასებაში, მისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭებასა და იმ სიმძიმისგან გათავისუფლებაში, რაც დუმილს ახლავს.

პროგრამა აგებულია უსაფრთხო სივრცის პრინციპზე, სადაც 12-15 მონაწილე ხუთი თვის განმავლობაში გაივლის შემოქმედებითი ტრანსფორმაციის გზას. პროცესს ერთობლივად გაუძღვებიან:

  • ბესო სოლომანაშვილი - მწერალი და რეჟისორი, რომლის შემოქმედების ცენტრში ყოველთვის ადამიანი და მასზე სოციუმის გავლენა დგას. ის მონაწილეებს ასწავლის ამბის არქიტექტურას, პერსონაჟის ფსიქოლოგიასა და დრამატურგიას.
  • რუსუდან თელია - ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის ემოციურ უსაფრთხოებას და დაეხმარება მათ ტრავმული გამოცდილების ლიტერატურულ რესურსად ქცევაში.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილია შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერალ ქალებთან, რომლებმაც უკვე შეძლეს სოციალური თუ პირადი ბარიერების ტექსტებად ქცევა. მონაწილეები საშუალება ექნებათ პირისპირ ისაუბრონ ისეთ ავტორებთან, როგორებიცაა:

  • თამთა მელაშვილი - თემაზე „ქალი და სოციუმი“;
  • ანა ჯავახიშვილი -„ემოცია ტექსტში“;
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - „გმირი ჩემს რომანებში“;
  • ელენე ჯაფარიძე - „ცხოვრების ანარეკლი და ტრავმები“;
  • ელზა გურგენიძე - „ძალადობა, როგორც ურთიერთობის ფორმა“;
  • თეონა დოლენჯაშვილი - „შინაგანი ამბოხი“.

ეს დიალოგები მონაწილეებს დაანახვებს, რომ მათი პირადი გამოცდილება უნიკალურია, თუმცა ამავდროულად - უნივერსალური.

პროექტი განკუთვნილია 25+ წლის ქალებისთვის. შერჩევის პროცესი ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე განიხილება სამოტივაციო წერილი და შემოქმედებითი ამონარიდი (სურვილისამებრ), რასაც მოჰყვება გასაუბრება.

მნიშვნელოვანი თარიღები და ეტაპები:

  • აპლიკაციების მიღება: 5 მაისი – 25 მაისი.
  • სწავლის დასაწყისი: 4 ივნისი.
  • სამუშაო პროცესი: შეხვედრები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს. ივნისი-ივლისი და სექტემბერ-ოქტომბერი დაეთმობა ჯგუფურ მუშაობას, ხოლო აგვისტო - ინდივიდუალურ წერასა და ონლაინ კონსულტაციებს.

პროგრამის დასასრულამდე, თითოეული მონაწილე შექმნის მხატვრულ ტექსტს. ეს ნაწარმოებები გაერთიანდება კრებულში, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს. კრებულის საჯარო პრეზენტაცია კი გახდება იმ შემოქმედებითი მოგზაურობის დაგვირგვინება, რომელიც „ამბიდან“ დაიწყო და „წიგნამდე“ მივიდა.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

თუ გრძნობთ, რომ გაქვთ სათქმელი, რომელიც ყელში გებჯინებათ; თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი სხვებისთვისაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს; ან უბრალოდ გსურთ, საკუთარ თავს შემოქმედის თვალით შეხედოთ - ეს პროექტი თქვენთვისაა. აქ თქვენ გელოდებათ პროფესიონალთა გუნდი, თანამოაზრეების მხარდაჭერა და რაც მთავარია, შესაძლებლობა, რომ თქვენი ამბავი ფურცლებზე გააცოცხლოთ.

„ამბიდან - წიგნამდე - „ჩვენ ვატარებთ უთქმელი ამბების სიმძიმეს... დროა, ეს სიმძიმე ფურცლებზე გადავიდეს და ახალი სიცოცხლე დაიწყოს.“

R