ავტორი:

"უარეს სურათს დავინახავთ! ე.წ. საოჯახო კალათის შექმნა მავნებლობაა" - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი  ქსელური მარკეტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს აფასებს

"უარეს სურათს დავინახავთ! ე.წ. საოჯახო კალათის შექმნა მავნებლობაა" - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი  ქსელური მარკეტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს აფასებს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას აზრით, ქსელური სუპერმარკეტების ხედვა, ფასების შემცირების მიზნით შექმნან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათა, „ცოტა ხანში უარეს სურათს შექმნის“.

  • როგორც გიორგი ქობულიამ ქსელური მარკეტების მიერ, 2 მაისს გავრცელებულ განცხადებებზე კომენტირებისას, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული ხედვით „ბიზნესს ვუბიძგებთ, მწარმოებლებმა ერთმანეთში კარტელური მოლაპარაკებები აწარმოონ“.

„მავნებლობაა და აბსოლუტური სისულელე, უაზრობაა, რომ შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქტების სასურსათო კალათა. არ არსებობს მსგავსი რამ. როგორ გააკეთებენ ამას? რისკენ ვუბიძგებთ ჩვენ, რომ კარტელური მოლაპარაკებები აწარმოონ ერთმანეთში მწარმოებლებმა? ერთმანეთში რომ მოილაპარაკონ რაზე აწიონ, დაწიონ ფასი? უარეს სურათს დავინახავთ ცოტა ხანში. ვერც გააკეთებენ, უბრალოდ საუბრობენ. მერე სხვა რაღაცაზე აწევენ ფასებს, რაღაცაზე დაწევენ ფასებს, იქნება კარტელური მოლაპარაკებები და ბოლოში საშუალო ფასი მაინც აიწევს.

კონკურენციის მთელი აზრი იმაში არის, რომ ძირითადი მოთამაშეები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ და მოელაპარაკონ. მაგათ თუ ააწყვეს მექანიზმი ერთმანეთთან მოლაპარაკების, წარმოიდგინეთ, პრაქტიკულად გამოდის, რომ ერთი ქსელი გვეყოლება, რომელიც რასაც უნდა, რა ფასსაც უნდა იმას დაადებს, იმიტომ, რომ ფორმალურად მოლაპარაკების მექანიზმი დავუმტკიცეთ. ანტიმონოპოლიური სამსახური ამოწმებს, ელაპარაკებიან თუ არა ერთმანეთს ძირითადი მოთამაშეები. თუ ელაპარაკება, უკვე დიდი პრობლემა. რაზე ელაპარაკება, იმაზე არ არ არის საუბარი. ჩვენ აქ მექანიზმს ვამტკიცებთ, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი ერთმანეთს უნდა ელაპარაკოს და მოელაპარაკოს ფასებზე. წარმოუდგენელია! ეს ტოტალურად არღვევს კონკურენციის პრინციპს და ძალიან დიდ რისკებს ქმნის იმისთვის, რომ არაკონკურენტული ფასები მივიღოთ ბაზარზე, რიგ პროდუქციაზე. მიდით და გაიგეთ ეს კალათა რომ შეიქმნა, რა ფასი დააწესეს, რატომ დააწესეს ასეთი ფასი. შეიძლება პირიქით, ფასი აწიონ რაღაცაზე და თქვან, რომ რა ვქნათ ახლაო.

ფასი ხომ მაგათი ფორმირებული არაა. ფასი ფორმირდება მსოფლიო ბაზრებზე პროდუქციის ფასის მიხედვით. ჩვენ ვლაპარაკობთ იმპორტულ პროდუქციაზე, იგივე ბრინჯზე და ა.შ. ბრინჯის ფასმა რამდენად აიწია მსოფლიო ბაზარზე, მომხმარებელი რას გაიგებს ამას? რამდენი ამათ დაადეს ზევიდან, რაზეა საუბარი?! ვინ გადაამოწმებს ამას სწორად გააკეთეს თუ არა. მწარმოებლებს აქვთ კეთილი ნება, რომ ფასები დაწიონ. აიღონ და თავად დაწიონ თავის პროდუქციაზე, თავის ქსელში ფასები, რა საჭიროა სხვასთან მოლაპარაკება?! დაწიონ და მიჰყვება სხვაც მერე. რა საჭიროა მოლაპარაკება?! საერთოდ ეს ინიციატივა არის მავნებლური თავიდან ბოლომდე.

ერთადერთი, რის საფუძველზეც შეეძლოთ მათ ფასი დაეწიათ, თუ აღმოაჩენდნენ, რომ თვითონ არიან კორუფციულ გარიგებაში მოთამაშეებთან. მაგალითად: ერთ შემომტანს აძლევენ ერთი პროდუქცია შემოიტანოს, მეორეს მეორეს და და ა.შ. მე თქვენ რომ მოგცეთ საშუალება ბრინჯი შემოიტანოთ და სხვას არავის, დავუბლოკო საბაჟოს დონეზე, თქვენ იმ ბრინჯს დააწერთ იმ ფასს, რაც გინდათ. ეს უნდა გაერკვიათ პირველ რიგში. თუ ეს ვერ აღმოაჩინეს, ძალიან კარგი. მეორე უნდა გაერკვიათ, არის ამ ქსელების მოთამაშეებს შორის ერთმანეთში მოლაპარაკება ფასების აწევასა და გარიგებებზე, რაზე რა ფასი დააწესონ. ამისთვის არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც ევალება ეს ანალიზი გააკეთოს. თუ ვერც ის დადგინდა, რომ შემოტანის დონეზე არ არიან პრივილეგირებული შემომტანები, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერი ფასი დაადონ და თუ დადგინდა, რომ ქსელების დონეზე არ არის გარიგება, მაშინ მაგით დამთავრდა, სხვას ვერაფერს ვერ აკეთებს სახელმწიფო. დანარჩენი ყველაფერი არის მავნებლობა და უაზრობა, კომპეტენციის ნაკლებობის გამო ან პიარული სვლაა. რეალურად ვერაფერსაც გააკეთებენ და თუ რამეს გააკეთებენ, ეს უარეს შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენთან იმპორტული საქონლის ფასზე მნიშვნელობა აქვს, რა არის მსოფლიო ფასი. ჩვენთან ხორბალზე ფასი რომ მერყეობს, ეს ხომ მსოფლიოს ბაზარზე წყდება. რამდენია ხორბლის, ბრინჯის ფასი და ა.შ.” - განაცხადა ქობულიამ.

ცნობისთვის, „რითეილ ასოციაციამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა „ნიკორა სუპერმარკეტმა“ და განაცხადა, რომ ფასებს განაახლებს და ყოველდღიურ პროდუქტებს „კიდევ უფრო ხელმისაწვდომს“ გახდის. განცხადება გაავრცელა „დეილი ჯგუფმაც“ და აღნიშნა, რომ „შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს“. კიდევ ერთმა კომპანიამ „გუდვილმა“ კი განაცხადა, რომ „ფასების დაწევის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები”.