ბოლო ხანს კლიმატური ცვლილებები უკვე თითქმის ყველასთვის თვალხილულად ჩანს - თუნდაც წლევანდელი გაზაფხული საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ანომალური ნალექიანობით არის გამორჩეული. ჩვენში ბევრი წუხს "დაკარგული გაზაფხულის" გამო და ამის მიზეზებსაც ეძებს, ბოლო ხანს ხშირად გაიგონებთ ვარუდს, რომ ამ ცვლილებებში ევროპასა თუ აზიაში, ჩვენს სიახლოვეს მიმდინარე ომებსაც აქვთ თავისი წილი.
ზოგადად კი, გლობალური დათბობა აღარ არის მხოლოდ შორეული სამეცნიერო პროგნოზი - ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში, ეკოსისტემებსა და რეგიონულ კატასტროფებში აისახება. რატომ მიიჩნევა 1.5 გრადუსიანი მატება კრიტიკულ ზღვრად და რატომ ვერ ასწრებს ცოცხალი სამყარო ახალ ტემპერატურულ რეჟიმთან ადაპტაციას?
ინტერვიუში ეკო-ბლოგერ ნინა ბარჯაძესთან განვიხილავთ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მთავარ მიზეზებს - წიაღისეული საწვავიდან დაწყებული, სამხედრო კონფლიქტების დამანგრეველი ეკოლოგიური შედეგებით დასრულებული
- ქალბატონო ნინა, ბოლო წლებში სეზონური ზღვარი თითქმის წაიშალა - ზამთარი ზამთარს აღარ ჰგავს, ზაფხული კი ანომალიური სიცხეებით გამოირჩევა. თქვენი პროფესიული ხედვით, რა არის ამ "კლიმატური ქაოსის" მთავარი გამომწვევი მიზეზი?
- დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდამ ბოლო ათწლეულებში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. სხვადასხვა მეთოდებით მეცნიერებს აქვთ მონაცემები ბოლო 1000 წლის განმავლობაში რა ტენდენციით იცვლებოდა ტემპერატურა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწრაფი ტემპით დედამიწის დათბობა დაიწყო 1970-იანი წლებიდან და დღემდე გრძელდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება, არ ნიშნავს, რომ პლანეტის ყველა წერტილში აუცილებლად დაცხება.ლაპარაკია იმაზე, რომ ამინდის ჩვენთვის ნაცნობი კანონზომიერება ირევა, ანუ იქ სადაც ცხელოდა, შეიძლება აცივდეს ან პირიქით. არსებობს პლანეტაზე კლიმატის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები. ესენია: ატლანტის ოკეანის ძირითადი დინება, გრენლანდიის ყინულის საფარი, ამაზონის ტროპიკული ტყე და ანტარქტიკის ყინულის საფარი. სწორედ მათი მორღვევა მიიჩნევა შეუქცევადი პროცესების საწყის წერტილად. დღევანდელი 1.5 გრადუსიანი ტემპერატურის მატება ამ წერტილებისთვის არის ძალიან საშიში. შეიძლება ჩვენ კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელში ვერ ვხედავდეთ გლობალური დათბობის შედეგს მკაფიოდ, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ ადგილებში ეს დრამატული ცვლილებები ძალიან თვალსაჩინოა.
- მოსახლეობაში გავრცელებულია ვერსია, რომ ევროპასა და აზიაში მიმდინარე აქტიური ომები, მასშტაბური აფეთქებები და იარაღის გამოყენება პირდაპირ აირეკლა ამინდზე. რამდენად აქვს ამ თეორიას მეცნიერული საფუძველი?
- მიმდინარე ომებს ნამდვილად აქვს გავლენა კლიმატზე. როგორც იცით, გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი CO₂ და სხვა გაზების გადაჭარბებული გამოყოფაა. საომარ პროცესებში გამოყენებული ტექნიკა ზრდის ამ ემისიების გამოყოფას და შეაქვს თავისი წვლილი სათბურის აირების საერთო რაოდენობის ზრდაში. გარდა ამისა, აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრებიც გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. ვერ ვიტყვით, რომ დღესდღეობით ომები წამყვანი მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილების, თუმცა თავის საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რა თქმა უნდა.
კლიმატის ცვლილება არ ნიშნავს პირდაპირ ამინდის ცვლილებას. მეტეოროლოგია ბევრად უფრო მეტ კომპონენტს აერთიანებს და აჯამებს ამინდის პროგნოზირებისთვის.
თუმცა ეს ომები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის, და არა მარტო კლიმატისთვის. აქ საუბარია რესურსების გადამეტებულ ხარჯვაზე. სხვადასხვა საომარი ტექნიკის დასამზადებლად იყენებენ ძვირფას მეტალებს და წიაღისეულს. საომარი მოქმედებებისას ბინძურდება ჰაერი, წყალი, ნიადაგი. ნადგურდება კონკრეტულ ადგილას არსებული ეკოსისტემები და ცხოველთა ჰაბიტატები, იწვის ტყეები და მინდვრები.ამ ყველაფრის აღდგენას სჭირდება ათწლეულები ომის დასრულების შემდეგ.
- ომების დროს განადგურებული ათასობით ჰექტარი ტყე და მწვანე საფარი რამდენად აჩქარებს რეგიონულ დონეზე კლიმატის დესტაბილიზაციას?
- რეგიონულ დონეზე მართლაც ძალიან დიდი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს მწვანე საფარის კარგვას. როგორც იცით ტყეები უზრუნველყოფენ კონკრეტული რეგიონის გაგრილებას, ჟანგბადით მომარაგებას და ტენიანობის შენარჩუნებას. ასევე ტყის მასის დიდი რაოდენობით კარგვა ხშირად იწვევს ქარიანობის მატებას, ნალექის მოსვლის დარღვევას და შესაბამისად, ნიადაგის სტრუქტურის ცვლილებას. იშლება ტყის ბიომრავალფეროვნება, რაც მთლიან ეკოსისტემას არღვევს, მისი აღდგენა კი, როგორც გითხარით, ძალიან დიდ დროს მოითხოვს.
- გარდა საომარი მოქმედებებისა, კიდევ რომელი ადამიანური ფაქტორები უწყობს ხელს იმას, რომ წელიწადის დროები "ძველებურად აღარ მუშაობს"?
- კლიმატის ცვლილებას რამდენიმე ძირითად მიზეზს გამოვყოფდი:

- ხშირად გვესმის "გლობალური დათბობის" შესახებ, თუმცა ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებს. რეალურად რა სტადიაშია დედამიწის ეკოსისტემა - ეს შექცევადი პროცესია თუ უკვე შეეგუა პლანეტა ახალ, არაპროგნოზირებად რეალობას?
- სკეპტიკოსებს ხშირად მოჰყავთ არგუმენტად, რომ კლიმატი ადამიანის ჩარევის გარეშეც იცვლებოდა ყოველთვის. თავისი მილიარდ წლიანი ისტორიის განმავლობაში დედამიწას უნახავს გამყინვარებებიც და ამაზე ცხელი პერიოდებიც. ახლაც, ბუნებრივად ხდება ტემპერატურის მატება და ამაში ვეთანხმები სკეპტიკოსებს. თუმცა, ტემპი, რომლითაც ახლა ხდება დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება, ნამდვილად არ არის ბუნებრივი. ბოლო ათწლეულში ეს ნიშნული იმაზე მეტი იყო, ვიდრე მანამდე მთელი საუკუნის განმავლობაში. თან ეს ზრდის ტენდენცია პირდაპირ ემთხვევა ინდუსტრიალიზაციის შემდგომ პერიოდს, ანუ წიაღისეული საწვავის გამოყენების რადიკალურ ზრდას, ამავე პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მოხდა ნახტომისებურად, შესაბამისად გაიზარდა მოხმარება და გარემოსადმი არაგონივრული ქმედება.
მთავარი პრობლემა სწორედ ეს ტემპია, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დრო ადაპტაციისთვის, იმისთვის რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება გახშირებულ ეკოლოგიურ კატასტროფებზე ან სწრაფად შევიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი საჭიროების შემთხვევაში. ეს პრობლემა ყველაზე კრიტიკულად უდგათ ზღვისპირა მოსახლეობას, მაგალითად იორდანიაში, ინდოეთში.
- როგორ აისახება სეზონების არევა ბიომრავალფეროვნებაზე - ცხოველებსა და მცენარეებზე, რომელთაც ბიოლოგიური საათი "აერიათ"?
- ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს ადაპტაციის უნარი, თუმცა ამ შემთხვევაში ცხოველებსა და მცენარეებს იგივე პრობლემები ექმნებათ კლიმატის ცვლილებით, რაც ადამიანს - ისინი ვერ ასწრებენ ასეთ სწრაფ ცვლილებასთან შეგუებას. ყველაზე მოწყვლადი ამ თვალსაზრისით არიან ზღვის ბინადრები. ოკეანე შთანთქავს გლობალური სითბოს დიდ ნაწილს. ცხოველები იძულებული ხდებიან გადაადგილდნენ უფრო ცივ წყლებში, ირღვევა მათი მიგრაციის ბუნებრივი მარშრუტები და შესაბამისად კვებითი ჯაჭვები. ზევით ვახსენეთ 4 კრიტიკული და კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე წერტილი, ერთ-ერთია ამაზონის ჯუნგლები, სადაც სრული კატასტროფა ხდება. ალბათ იცით იქ არსებული ხშირი ხანძრების შესახებ, რომლის შედეგადაც ცხოველთა მთელი პოპულაციები ნადგურდება. ასევე პოლარული ცხოველები ანტარქტიდაზე არიან ძალიან რთული პრობლემების წინაშე, მათი საცხოვრებელი გარემო პრაქტიკულად ყოველდღიურად უარესდება.
- არსებობს თუ არა რისკი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშიც დაიკარგოს გარდამავალი სეზონები (გაზაფხული და შემოდგომა) და პირდაპირ უკიდურეს ტემპერატურულ რეჟიმებზე გადავიდეთ?
- ამ მხრივ, ჩემი აზრით, დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. რაც ძალიან საყურადღებოა, არის ის პროცესები, რაც მთელ მსოფლიოში ვითარდება - მყინვარების სწრაფი დნობა და მასთან დაკავშირებული კატასტროფები, წყალდიდობები, ღვარცოფები და ა.შ. ამის ტრაგიკული მაგალითები, სამწუხაროდ, უკვე ვიხილეთ, თუმცა, ასევე სამწუხაროდ შოვის ტრაგედიის დროს საზოგადოებამ დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი (ვერტმფრენების მოდელებიც კი) და არ ჩავეძიეთ მთავარ საკითხს - კლიმატის ცვლილებას, რაც არის თავი და თავი მსგავსი კატასტროფების.

- თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება მომავალი 10-15 წლის შემდგომი კლიმატური სურათი, თუკი მსოფლიოში ეკოლოგიური და სამხედრო კრიზისები არ შენელდება?
საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში უჭირს კლიმატის კრიზისის გააზრება იმიტომ, რომ ეს არაა მოკლევადიანი პერსპექტივის პრობლემა. კი, 15 წელიწადში თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ზაფხული უფრო ცხელი იქნება, მყინვარები და ყინული უფრო დამდნარი და ეკოლოგიური კატასტროფები უფრო ხშირი, თუმცა ამ დრამატულობას მოსახლეობის უმეტესობა მაინც სკეპტიკურად შეხედავს. ვისაც უშუალოდ შეეხება ეს პრობლემები, ისინი ნათლად დაინახავენ რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო საყურადღებოა, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში, იმაზე ადრე გამოფხიზლდებიან, ვიდრე შეუქცევად პროცესებში გადავალთ.
- რა არის ის მინიმუმი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება გააკეთოს ამ პროცესების შესამცირებლად, ვიდრე ბუნება საბოლოოდ არ გამოვიდა მწყობრიდან?
- თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ეკო კვალი ამ პლანეტაზე. ამაში იგულისხმება ის, თუ რას ვიღებთ დედამიწიდან როგორც რესურსს და რას ვტოვებთ მასზე, როგორც ნარჩენს. ყოველი ჩვენი ნაბიჯი ტოვებს კვალს. ინდივიდუალურად უნდა ვეცადოთ შევამციროთ ჩვენი მოხმარება, ეს ეხება ყველაფერს: საკვებს, ტანსაცმელს, თავის მოვლის საშუალებებს, საწვავს, წყალს. არ ვამბობ, რომ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, იმაზე მეტს მოვიხმართ, ვიდრე რეალურად გვჭირდება. თბილისში არსებული ავტომობილების რაოდენობა არის კატასტროფა გარემოსთვის. ყოველ ჯერზე, როცა მანქანის ნაცვლად ვირჩევთ ავტობუსს ან ფეხით წასვლას, ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური პრობლემების მოგვარებაში. ბევრისთვის შეიძლება არარეალურად ჩანდეს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, 8 მილიარდი ადამიანი რომ აკეთებდეს სწორ არჩევანს?! ეს უკვე ძალიან დიდი ცვლილებაა.