გაზაფხულის მიწურულს, როდესაც ბუნება ყვავის და ჰაერში სიყვარულის სურნელი ტრიალებს, თითქოს იდეალური დროა ქორწილისთვის. თუმცა, საქართველოში ბევრი წყვილისთვის მაისი ერთგვარად აკრძალული თვეა. ისინი ქორწინებას ერთი თვით მაინც გადაავადებს ხოლმე.
საინტერესოა, რომ მაისში ქორწინებას ჯერ კიდევ ძველ რომში ერიდებოდნენ. რომაელები ამ თვეში აღნიშნავდნენ ლემურიას (Lemuria) - მიცვალებულთა სულების მოსახსენებელ დღეებს. მიიჩნეოდა, რომ ამ დროს "საშიში სულები“ უგზო-უკვლოდ დახეტიალობდნენ, შესაბამისად, ოჯახის შექმნა წარუმატებელი იქნებოდა.
საინტერესოა, რომ ქართულ რეალობაში ეს მითი მეზობელი კულტურებიდანაც შემოვიდა. რუსულ ენაში სიტყვა "მაისი“ (май) ჟღერადობით ჰგავს სიტყვას "წვალება“ (маяться). რუსული გამოთქმა "в мае жениться - всю жизнь маяться“ - " მაისში დაქორწინდები და მთელი ცხოვრება იწვალებ" სწორედ ამ ენობრივმა დამთხვევამ წარმოშვა. ასე შეიქმნა მითი, რომ თითქოს თვის სახელი განსაზღვრავს ადამიანის ბედს.
თუ მისტიკას გვერდზე გადავდებთ, მიზეზი გაცილებით მიწიერია. ძველად მაისი სოფლის მეურნეობისთვის ყველაზე კრიტიკული თვე იყო:
შარშანდელი მოსავალი უკვე დახარჯული იყო, ახალი კი - ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოწეული. "სამეფო“ სუფრის გაშლა ამ დროს დიდ ფუფუნებასა და სირთულეს წარმოადგენდა.
ასევე ამ დროს იწყებოდა ხვნა-თესვა. გლეხს ლხინისთვის და რამდენიმე დღიანი ქეიფისთვის არ ეცალა - შრომის გაცდენა კი ზამთარში შიმშილს ნიშნავდა.
სასულიერო პირები ერთხმად თანხმდებიან: მაისი ქორწინებისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუ პერიოდი არ ემთხვევა დიდმარხვას, ჯვრისწერა ჩვეულებრივად სრულდება. ეკლესია მოუწოდებს მრევლს, ნუ მიენდობიან ცრურწმენებს, რადგან ოჯახის სიმტკიცეს არა კალენდარული თვე, არამედ წყვილის სულიერი ერთობა განსაზღვრავს.
"რუსული ანდაზაა ასეთი, რომ ვინც მაისში დაქორწინდება, მთელი ცხოვრება წუხილში იქნებაო და სწორედ აქედან მოდის ეს მოსაზრება, ეკლესიასთან კავშირი არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ მაისის თვეში ჯვარს ერთეულები იწერენ, თვით მართლმადიდებლებიც კი. იციან, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ მაისში დაქორწინების მაინც ეშინიათ. სამწუხაროდ, ეს ცრურწმენაა და ძალიან ცუდია.
ეკლესია წყვილებს მაისში სიხარულით დაწერს ჯვარს, ჩვენ მხოლოდ მარხვაში არ ვწერთ ჯვარს, თორემ სხვა დროს ყოველთვის შეიძლება. მთავარია, ერთმანეთი უყვარდეთ. სამწუხაროდ, რა ევალებათ, იმას არ კითხულობენ და ყურადღებას იმას აქცევენ, რომ მაისში არ დაქორწინდნენ. არადა მთავარი ის არის, თუ როგორ ხდება ჯვრისწერა და როგორ უნდა ხდებოდეს, რა ევალება მამაკაცს, დედაკაცს, რატომ ადგამენ გვირგვინებს თავზე და ა.შ.", - ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.