ავტორი:

რა განცხადების წარდგენა მოუწევთ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საქართველოდან რუსეთში შესვლისას?

რა განცხადების წარდგენა მოუწევთ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საქართველოდან რუსეთში შესვლისას?

სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საქართველოდან რუსეთში შესვლის მიზნების შესახებ განცხადების წარდგენა მოუწევთ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა განაცხადა, რომ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან მოუწევთ.

რუსული უწყების წარმომადგენლის განცხადებით, პროფესიონალ მძღოლებს დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ქვეყანაში დროებითი დარჩენის ვადა 180 დღემდე გაუზარდა, მოუწევთ რუსეთში შესვლის მიზნებისა და დარჩენის შესახებ განცხადება სახელმწიფო სერვისების პორტალის მობილური აპლიკაციის RuID-ის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარადგინონ.

ასევე, მძღოლებს განაცხადის შევსებისას პასპორტისა და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენაც მოუწევთ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 30 ივნისს შევა.

ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის მიერ 27 აპრილს გამოცემული დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დარჩენის ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 180 დღემდე გაზარდა.