ავტორი:

ვულკანი ანტარქტიდაზე, რომლის ამოფრქვეული მტვერიც ოქროს შეიცავს - რა ღირებულების ძვირფასი ლითონი გაიტყორცნება ჰაერში ყოველდღიურად?

ვულკანი ანტარქტიდაზე, რომლის ამოფრქვეული მტვერიც ოქროს შეიცავს - რა ღირებულების ძვირფასი ლითონი გაიტყორცნება ჰაერში ყოველდღიურად?

ანტარქტიდა თავის ყინულებში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ვულკანს მალავს.

კონტინენტზე ათობით ვულკანია, თუმცა ყველაზე მრისხანე ერებუსის მთაა. ეს არის ანტარქტიდის ყველაზე მაღალი, მოქმედი ვულკანი და ყველაზე სამხრეთით მდებარე მოქმედი ვულკანი დედამიწაზე - მისი მწვერვალის სიმაღლე 3 794 მეტრს შეადგენს.

ის აგებულია ბაზალტითა და ტუფით. მთავარი კრატერის დიამეტრია 850 მ, სიღრმე 275 მ. ვულკანის მუდმივი აქტიურობა შეიმჩნევა 1972 წლიდან.

მის კრატერში არსებობს უნიკალური ლავური ტბა, რომელიც ზამთარშიც კი გავარვარებული რჩება, რაც მას პლანეტის იმ ხუთ ცნობილ ლავის ტბას შორის ერთ-ერთად აქცევს, რომელთაც ეს თვისება გააჩნიათ - წერს IFL Science.

  • ერებუსის ოქროს "მტვერი"

მთა ერებუსი ასევე გამოირჩევა ძალიან საინტერესო აღმოჩენით, რომელიც მეცნიერებმა მისი აირების ჭავლის შესწავლისას გააკეთეს. ვულკანის გამონაბოლქვი გაჯერებულია მეტალური ოქროს უმცირესი კრისტალებით, რომელთა ზომა 20 მიკრომეტრს არ აღემატება. გათვლების მიხედვით, ერთი დღის განმავლობაში ვულკანი დაახლოებით 80 გრამ ოქროს გამოტყორცნის, რაც დაახლოებით 6 000 დოლარის ღირებულებისაა.

ოქროს მტვერი შორს და ყველგან იფანტება. ანტარქტიდის მკვლევრებმა ოქროს კვალი მიმდებარე ჰაერში ვულკანიდან 1 000 კილომეტრის დაშორებითაც კი აღმოაჩინეს. ვულკანი რეგულარულად აფრქვევს აირისა და ორთქლის ჭავლებს. ვულკანური აქტივობის წარსულ პერიოდებში იგი ცნობილი იყო ნაწილობრივ გამდნარი ქანების ლოდების ტყორცნით, რომლებსაც "ვულკანურ ბომბებს“ უწოდებენ.

  • ყინულის მღვიმეები და უნიკალური ეკოსისტემა

მიუხედავად ასეთი მძვინვარე ვულკანური აქტივობისა, მთა ერებუსი ასევე დაფარულია ყინულის მღვიმეებით. კლაკნილი ქსელები ვულკანიდან გამომავალმა აირებმა გამოკვეთა, რის გამოც მათ ფუმაროლური ყინულის მღვიმეები ეწოდება. მღვიმეებში არსებული ექსტრემალური პირობები მათ ექსტრემოფილების შესასწავლ ცხელ წერტილად აქცევს - ერებუსის მღვიმეებში სოკოს 61 სახეობაა აღმოჩენილი.