მედიაში სამხრეთ აფრიკაში გადაღებული დრამატული ვიდეო ვრცელდება - კადრებში ჩანს, როგორ ამოჰყავთ მდინარიდან ნიანგი, რომელმაც, სავარაუდოდ, სასტუმროს მეპატრონე შეჭამა.

შემთხვევა გასულ ორშაბათს მოხდა, როდესაც ბიზნესმენი დატბორილი დაბალი ხიდის გადაკვეთას ცდილობდა. სწრაფმა და ძლიერმა დინებამ მისი 4×4 Ford Ranger კლდეებისკენ გადაისროლა. არსებული ვერსიით, ბიზნესმენი მანქანიდან გადმოვიდა და უსაფრთხო ადგილისკენ გაქცევას ცდილობდა.

თუმცა, ვარაუდობენ, რომ მდინარე კომატის ძლიერმა ნაკადმა იგი წააქცია და გაიტაცა.


"დრონის საშუალებით დავაკვირდით ხიდიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარე კუნძულს, სადაც რამდენიმე ნიანგი იმყოფებოდა. გამოვყავით ერთი კონკრეტული, რომელზეც ეჭვი გვქონდა. ეს იყო ძალიან დიდი ზომის ცხოველი, რომელიც თითქმის არ მოძრაობდა. მუცელი საგრძნობლად იყო გადიდებული და წყალსაც თავს არიდებდა",- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კიდევ ერთი დეტალი - მპუმალანგის პროვინციაში მიმდინარე გამოძიების დროს ნიანგის მუცელში ექვსი წყვილი ფეხსაცმელიც იპოვეს. ისინი, როგორც ცნობილია, ბატისტას არ ეკუთვნოდა.

ნიანგის ევთანაზიისთვის შესაბამისი ნებართვა შაბათს გაიცა, რის შემდეგაც ის პოლიციის ვერტმფრენიდან ერთი გასროლით გაანეიტრალეს.


ნიანგი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებლად ითვლება. მისი ნაკბენი ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრად მიიჩნევა და დიდი თეთრი ზვიგენის ნაკბენსაც მნიშვნელოვნად აღემატება. ისინი სიგრძეში დაახლოებით 6 მეტრამდე იზრდებიან, წონა კი 700 კილოგრამს (და მეტსაც) აღწევს. ექსპერტების თქმით, ნიანგები აფრიკაში ყოველწლიურად ასობით, ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით კი დაახლოებით 1000-მდე ადამიანს კლავენ.