მჯდომარე სამუშაო რეჟიმი თუ პირიქით - ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა ფეხზე დგომისას, ხშირად ქვედა კიდურების სიმძიმისა და შეშუპების მიზეზი ხდება. ბევრი ადამიანი ამ სიმპტომებს დაღლილობას მიაწერს, ხილულ ვენებს კი მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად აღიქვამს. თუმცა, მედიცინა გვაფრთხილებს - ვარიკოზული დაავადება ქრონიკული პროცესია, რომლის უგულებელყოფამაც შესაძლოა შეუქცევად გართულებებამდე მიგვიყვანოს.
რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ შედის რისკჯგუფში და მკურნალობის რა თანამედროვე, უმტკივნეულო მეთოდებს გვთავაზობს დღეს მედიცინა? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ანგიოლოგი, მარიამ გრძელიძე გვპასუხობს.
რა არის ვარიკოზული დაავადება და რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ის მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად?
ვარიკოზი არის ზედაპირული ვენური სისტემის უკმარისობა. ჩვენს ვენებში არსებული სარქვლები უზრუნველყოფენ სისხლის დენას ერთი მიმართულებით - ქვემოდან ზემოთ, გულისკენ. როდესაც ეს სარქვლოვანი აპარატი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, სისხლი უკან ბრუნდება, რაც ვენების გადატვირთვას, მათ გამობერვასა და შეშუპებას იწვევს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკური საკითხი. ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მკურნალობის გარეშე პროგრესირებს და საბოლოო ჯამში შეიძლება ისეთ მძიმე გართულებამდე მივიდეს, როგორიცაა ტროფიკული წყლული.
რა არის ყველაზე გავრცელებული პირველი ნიშნები, რომლებსაც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს?
პირველ რიგში, ეს არის ფეხების სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, წვა და ე.წ. ღამის კრუნჩხვები. ხშირად პაციენტები აღნიშნავენ, რომ დიდხანს ჯდომისას ან დგომისას ვერ პოულობენ მოხერხებულ პოზას და მუდმივად უწევთ ფეხების მოძრაობა.
აღსანიშნავია, რომ ხანდახან ვიზუალურად ვენები არ ჩანს, მაგრამ სიმძიმე და ე.წ. „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი მიანიშნებს პრობლემაზე. ასევე, ქალებში შეიძლება გაჩნდეს ზედაპირული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, რაც ყოველთვის არ არის ვარიკოზი. ხშირად ჰორმონალური ცვლილებები ათხელებს ვენის კედელს, რაც ძირეულ პათოლოგიასთან კავშირში არაა, თუმცა ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.
ვინ შედის ვარიკოზული დაავადების რისკჯგუფში?
სტატისტიკურად, ეს ძირითადად ქალების დაავადებაა (პაციენტების მხოლოდ 25%-ია მამაკაცი), რაც ინტენსიური ჰორმონალური ცვლილებებითაა განპირობებული. რისკ-ფაქტორებში შედის:
სამწუხაროდ, დაავადებას ასაკი არ გააჩნია. ჩვენ გვყოლია 20 წლის პაციენტებიც, მაგალითად ჯარისკაცები, რომლებსაც პროფესიულად უწევთ ხანგრძლივი დგომა.
რა შეიძლება მოხდეს, თუ ვარიკოზულ ვენებს დროულად არ ვუმკურნალებთ?
დაავადებას სულ 6 სტადია აქვს. თუ დროულად ჩავერევით, შევძლებთ შევაჩეროთ კანის ისეთი შეუქცევადი პროცესები, როგორიცაა ჰიპერპიგმენტაცია და დათხელება. მე-4 სტადია უკვე წყლულისწინა მდგომარეობაა, ხოლო მე-5 და მე-6 სტადიები აქტიურ ან შეხორცებულ წყლულებს გულისხმობს. მკურნალობით ჩვენ ვაშორებთ იმ პათოლოგიურ გზას, რომელიც დაავადებამ განავითარა, რითაც სისტემას ვაჯანსაღებთ.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“?
დიაგნოსტიკა იწყება ანგიოლოგის კონსულტაციით, სადაც ანამნეზის შეკრებითა და ფიზიკური დათვალიერების საფუძველზე განისაზღვრება კვლევის საჭიროება. ძირითადი მეთოდია დუპლექს-სკანირება. ეს არის უსაფრთხო, არაინვაზიური ექოსკოპიური კვლევა, რომლითაც ზუსტად ვადგენთ მკურნალობის ტაქტიკას.
მკურნალობა შეიძლება იყოს:
ლაზერული მკურნალობის შემდეგ რამდენად სწრაფად უბრუნდება პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას?
რეაბილიტაცია ძალიან მარტივია. ოპერაციის შემდეგ პაციენტმა 5 დღე უნდა ატაროს კომპრესიული ჩულქი გაუხდელად, შემდეგ კი 10 დღის განმავლობაში - მხოლოდ დღისით. 2 კვირა იზღუდება მძიმე ფიზიკური დატვირთვა. პაციენტების ნაწილი ბიულეტენსაც კი არ ითხოვს და მეორე დღესვე უბრუნდებიან სამსახურს.
შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია? როგორია კვებისა და ფიზიკური აქტივობის როლი ამ პროცესში?
ზოგადად, ზომიერი ფიზიკური აქტივობა ყოველთვის წახალისებულია. თუ სამსახურში დიდხანს ჯდომა გიწევთ, საათში ერთხელ აუცილებლად გაიარეთ, დასვენებისას კი ფეხები სიმაღლეზე შემოდეთ. ეფექტურია კონტრასტული შხაპი. დაბანის ბოლოს ფეხებზე ცივი წყლის გადავლება სიმსუბუქის შეგრძნებას მატებს. კვების რაციონში სასურველია C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ჩართვა, რაც ვენის კედლების სიმტკიცეს უწყობს ხელს.
გახსოვდეთ, დროული მიმართვა ექიმთან საუკეთესო გზაა მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად.
R