ავტორი:

"ეჭვი მაქვს, გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ - შესაძლოა, მართლა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და აღარ მოსწონს ივანიშვილს" - ანი მიროტაძე გიორგი უძილაურზე

"ეჭვი მაქვს, გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ - შესაძლოა, მართლა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და აღარ მოსწონს ივანიშვილს" - ანი მიროტაძე გიორგი უძილაურზე

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფლანგზე ვიმყოფებით, სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს. ის ამბავი, რაც დღეს მასზე გავიგე, მგონია, რომ გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ , - ასე აფასებს პოლიტიკოსი ანი მიროტაძე სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, გიორგი უძილაური საქმეს.

  • როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, უძილაურთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და დარწმუნებულია, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა.

მისივე შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს.

"ჩვენი ურთიერთობა 20-ზე მეტ წელს ითვლის. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ გიორგი უძილაური არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგი, მით უმეტეს, ჯაშუში არ იქნება. 2 წელია გიორგი არ მინახავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფლანგზე ვიმყოფებით, სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს. ის ამბავი, რაც დღეს მასზე გავიგე, მგონია, რომ გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჩემთვის რთული სათქმელია. შესაძლოა, უძილაური მართლა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ არა ვინმესთვის გადასაცემად, არამედ შეიძლება ინფორმაცია დაუგროვდა ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ უძილაურს გარკვეული ინფორმაცია მართლაც ჰქონოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ვინმეს გადასაცემად იყო გამიზნული.

„სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ის არც ერთ სამსახურს არ გამოიყენებდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად. სერიოზულად მიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ აქვს ადგილი უძილაურის მიმართ გარკვეულ ანგარიშსწორებას. არ ვიცი ვინ არის დამკვეთი. შეიძლება აღარ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. იმდენად გაუგებარია ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თურმე წლების განმავლობაში ჯაშუშობდა და ამის მიუხედავად ჯაშუში ჰყავდათ. თურმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ და ამას არ აცხადებენ. გარდა ამისა, არავინ იცის რა ინფორმაციები უნდა გადაეცა“, - განაცხადა მიროტაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაღრაძემ აღნიშნა, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

წაიკითხეთ ასევე: