მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავდროულად რთულ პერიოდს უზიარებს. ლონდონში გადასვლის შემდეგ, მსახიობმა შეძლო და წარმატებით დაასრულა მაგისტრატურა, პარალელურად კი საკუთარი ფილმიც გადაიღო
"პერიოდი, როცა ყველაფერი ღირდა"
ლელა აღნიშნავს, რომ ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, თუმცა შედეგი იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ დღეს წარსულს მხოლოდ მადლიერებით იხსენებს. მსახიობმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც მისი ბრიტანული ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპს ასახავს.
- რამდენიმე თვის წინ ლონდონში დავიცავი მაგისტრის დიპლომი და გადავიღე ფილმი. საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ახლა მივხვდი, რომ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა ეს ფოტოები ის კადრები, რომლებიც დღემდე მახსენებს, რატომ ღირდა ეს ყველაფერი.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ და გვერდით დამიდგნენ. მხარდაჭერით, რჩევით ან უბრალოდ იმით, რომ იქ იყვნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ბევრ მათგანს თავიდან საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ეს იდეა გაიზიარეს, შეუყვარდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ რეალობად ექციათ.

სიტყვებით მართლა რთულია გადმოვცე, რამდენად მადლიერი ვარ. ეს გამოცდილება სწორედ თქვენთან ერთად გახდა ასეთი განსაკუთრებული".

პოსტში მსახიობი განსაკუთრებულ მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რთულ გზაზე გვერდით დაუდგნენ. ლელა ხაზს უსვამს, რომ ბევრ მათგანს თავიდან საერთოდ არ იცნობდა, თუმცა მათმა საერთო მიზანმა და მხარდაჭერამ იდეა რეალობად აქცია.

