დილის ჰიგიენის პროცედურები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა საკითხი იმის შესახებ, თუ როდის არის კბილების გამოხეხვა უფრო ეფექტიანი - საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ, ხშირად ხდება კამათის საგანი. ბევრი მიიჩნევს, რომ ჭამის შემდეგ კბილების გაწმენდა საკვების ნარჩენების მოსაშორებლად აუცილებელია, თუმცა სპეციალისტები სულ სხვა რამეს გვირჩევენ.
ცნობილი სტომატოლოგი დიპა ჩოპრა განმარტავს, რატომ არის უფრო მართებული კბილების ჰიგიენაზე საუზმემდე ზრუნვა და რა საფრთხეებს შეიცავს ჭამის დასრულებისთანავე ჯაგრისის გამოყენება.
ექიმის განმარტებით, ღამის განმავლობაში პირის ღრუში ბუნებრივად გროვდება ბაქტერიები. თუ კბილებს საუზმემდე არ გავიხეხავთ, ამ ბაქტერიებს საკვებთან ერთად "ჩავყლაპავთ“.
გარდა ამისა, დილის პროცედურა კბილის ზედაპირზე ფტორის დამცავ ფენას ქმნის. ეს ფენა ერთგვარი ფარია, რომელიც კბილის მინანქარს იმ მჟავებისა და შაქრებისგან იცავს, რომლებსაც ჩვენი საუზმე (მაგალითად, ხილი, წვენი ან ჯემი) შეიცავს.
ბევრი მომხმარებელი სოციალურ ქსელებში აღნიშნავს, რომ ჭამის შემდეგ კბილების გამოხეხვა ჯანსაღი სუნთქვისა და სისუფთავის შეგრძნებისთვის ურჩევნიათ. თუმცა, სტომატოლოგი გვაფრთხილებს: ჭამის შემდეგ კბილების დაუყოვნებლივ გახეხვამ შეიძლება მინანქარი დააზიანოს.
განსაკუთრებით საშიშია ეს პროცედურა მჟავე პროდუქტების მიღების შემდეგ. ხილი, წვენები თუ ტკბილეული დროებით არბილებს მინანქარს. თუ ამ დროს ჯაგრისით მექანიკურ ზემოქმედებას მოვახდენთ, ჩვენ, ფაქტობრივად, ვხეხავთ და ვანადგურებთ დასუსტებულ მინანქარს. გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილების მომატებული მგრძნობელობა და ეროზია.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრინციპულია კბილების გაწმენდა ჭამის შემდეგ, სპეციალისტები გვირჩევენ დავიცვათ 30-წუთიანი პაუზა.
ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნერწყვმა მოახდინოს მჟავების ნეიტრალიზება, პირის ღრუში ბუნებრივი ბალანსი აღდგეს და მინანქარმა პირვანდელი სიმტკიცე დაიბრუნოს. მხოლოდ ამის შემდეგ არის ჯაგრისის გამოყენება უსაფრთხო.
პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებზე, ამიტომ სწორი თანმიმდევრობის დაცვა დაგეხმარებათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი.