სამშაბათს, 5 მაისს, დილით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტის მუშაობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რამაც ათასობით მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია.
სპეციალური პლატფორმის, Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა საჩივრები განსაკუთრებით გაიზარდა დილის საათებში. პრობლემები დაადასტურეს მობილურმა ოპერატორებმაც, მათ შორის MTS-მა, Beeline-მა და Yota-მ.
“უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების დროს, შესაძლოა მობილური ინტერნეტსა და SMS სერვისებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს. გირჩევთ, ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi გამოიყენოთ" - განუცხადა Beeline-მა თავის აბონენტებს.
რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ შეზღუდვები უსაფრთხოების მიზეზებით დაწესდა და დღის განმავლობაში ეტაპობრივად მოიხსნა. თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, მსგავსი შეფერხებები შესაძლოა კვლავ განმეორდეს 7 და 9 მაისს, სამხედრო აღლუმის რეპეტიციისა და ღონისძიების დროს.
4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმება გამოაცხადა. მიღებული გადაწყვეტილება დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების აღნიშვნას უკავშირდება.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 აპრილს განაცხადა, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად, წითელ მოედანზე აღლუმში სამხედრო ტექნიკის კოლონა არ მიიღებდა მონაწილეობას. კრემლმა ეს გადაწყვეტილება უკრაინიდან მომდინარე საფრთხით ახსნა და აღნიშნა, რომ ღონისძიება “შემოკლებული ფორმატით“ ჩატარდება.