მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი მეგობრებთან ერთად ერთ საქველმოქმედო ღონისძიების სულისჩამდგმელი და იდეის ავტორი აღმოჩნდა. ამბობს, რომ არაერთი ადამიანის გული გაათბეს. რა იყო მისი და მისი მეგობრების მთავარი მოტივაცია, ამაზე თავად გვიამბობს:
- ყველაფერი ძალიან ბუნებრივად დაიწყო. ხშირად ხდება ხოლმე - მეგობრები დავსხდებით და ვამბობთ, - მოდი, რაღაც კარგი გავაკეთოთ, რაიმე ისეთი, რაც სხვებს სიხარულს მოუტან“. მე ბევრს ვიცნობ ამ ქალაქში, ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ჩემს მეგობარს, თამარ ავალიშვილს, მეუღლესთან -კახასთან ერთად, აქვს ტურისტული კომპანია. სწორედ მათთან ერთად გაჩნდა ეს იდეა.
ამ ყველაფერს ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელი და ოლიმპიური ჩემპიონი, გელა კეტაშვილიც შემოუერთდა. ერთად მსჯელობისას გადავწყვიტეთ, რომ ეს იდეა რეალობად გვექცია. სწორედ ამ დროს გაიხსნა პაატა გულიაშვილის "კომედიური თეატრი“, სადაც ემიგრანტებზე კარგი სპექტაკლი იდგმება. ვიფიქრეთ, რომ ეს საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა დღესასწაულის მოსაწყობად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

- როგორც ვიცი, ამ წამოწყებას სხვა პარტნიორებიც გამოუჩნდნენ. კონკრეტულად ვისთვის გაიმართა ეს ღონისძიება?
- დიახ, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია რუსო ბერიძე, საოცარი ადამიანი, რომელსაც აქვს ხანდაზმულთა პანსიონატი "ბასილიადა“. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა პანსიონატის ბენეფიციარების გახალისება, რა სჭირდებოდათ მათ და როგორ შეგვეძლო მათი ყოველდღიურობის გაფერადება.
როდესაც პაატა გულიაშვილის თეატრში ამ სპექტაკლის შესახებ შევიტყვეთ, რომელიც ემიგრანტების თემას ეხება და გაჯერებულია იუმორით, მივხვდით - ეს სწორედ ის იყო, რაც მათ სჭირდებოდათ. დავუკავშირდით რუსოს, შევათანხმეთ დეტალები. ასევე გამახსენდა ჩვენი მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო თეატრსა და ინტეგრირებულ თეატრში "აზდაკის ბაღი“ მოღვაწეობს. გვინდოდა, ეს ყველაფერი ერთი დიდი სიკეთის ჯაჭვი ყოფილიყო.
- თავად ღონისძიება როგორ წარიმართა? სად უმასპინძლეთ სტუმრებს?
- ჩემმა მეგობარმა, თამარ ავალიშვილმა, სრულად შეისყიდა პაატა გულიაშვილის თეატრის დარბაზი და სპექტაკლი. ჩვენ მოვიწვიეთ "ბასილიადას“ ბენეფიციარები, ასევე სტუმრად იყვნენ ინტეგრირებული თეატრის წარმომადგენლები. დარბაზი სავსე იყო - 50-მდე ადამიანი მოვიდა. ეს იყო ნამდვილი ანშლაგი! სპექტაკლის შემდეგ სტუმრებს გადავეცით საჩუქრები. გვინდოდა, მათთვის ერთი ლამაზი, სიცოცხლით სავსე დღე გვეჩუქებინა და მგონი, გამოგვივიდა. მინდა დავაზუსტო, რომ ეს იყო პაატა გულიაშვილის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც ნიკა არაბიძე, ვასიკო გრიგალაშვილი, რატი მახალდიანი და ერთი ნიჭიერი სტუდენტი თამაშობენ.

- ემიგრანტების თემა ყოველთვის ემოციურია. როგორ მიიღო მაყურებელმა წარმოდგენა?
- ძალიან ემოციურად. დარბაზში ერთდროულად ისმოდა სიცილიც და ტაშიც. სპექტაკლი ოთხ პერსონაჟზეა- მამაკაცებზე, რომლებიც უცხოეთში არიან წასულები, ენატრებათ საქართველო და ბოლოს ყველაფერს ტოვებენ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ. ეს თემა ყველასთვის ახლობელია. საერთო განწყობა მაინც ძალიან ამაღლებული იყო.
- როგორც ვიცით, ამით თქვენი ქველმოქმედება არ სრულდება და გეგმები კიდევ გაქვთ.
- ნამდვილად. მომდევნო ეტაპი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სპექტაკლის გამართვაა. ეს ღონისძიება 2 მაისისთვის გადავიტანეთ. ასევე, 8 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრში ინტეგრირებულ თეატრს აქვს პრემიერა და გვინდა, ჩვენი მოხუცები იქაც წავიყვანოთ. ამას ჩვენ "სიკეთის ჯაჭვს“ ვეძახით. მთავარია, მონდომება და საშუალება - ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით, ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი, რაც ძალიან მახარებს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას: თამარ ავალიშვილს, გელა კეტაშვილს, პაატა გულიაშვილს, რუსო ბერიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში დაგვიდგა.