ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში დაიბარეს.
“საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს“, - წერს ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემამ “ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინა 2024 წლის 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა. როგორც „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. „დამრბევთა“ დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.