“მოპარულია დიპლომი და დღესდღეობით აღდგენილია უკვე. მე ჩემი თვალით ვნახე, საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც“, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა.
“დამირეკეს საპატრიარქოდან. მეუფე თეოდორემ მითხრა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენი დიპლომიო, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როდესაც მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო“, - განაცხადა მეუფე იობმა.
როგორც მან აღნიშნა, წესდება უნდა შეიცვალოს როგორც დიპლომთან, ისე ასაკთან მიმართებითაც.
“მინდოდა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც, წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და ალბათ, უნდა შევცვალოთ მომავალში, იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით და არც წლოვანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეუფე იობმა.
მეუფე მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმების გატარება აუცილებელია.
“მე ჩემი ხედვები წერილობით უკვე მაქვს დაფიქსირებული და ალბათ, გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი ამის შესახებ. ცვლილებები უნდა მოხდეს, აუცილებლად, რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში, როცა ამისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა მეუფე იობმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს მეუფე საქართველოს ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ ჩარევები ხდება.
ცნობისთვის, თბილისის სასულიერო სემინარიამ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის სასულიერო განათლება დაადასტურა.
“ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სასულიერო სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა განაცხადა, რომ სემინარიის დასკვნის მიხედვით “შესრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა“.
იხილეთ ასევე: