საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, 0.25 პროცენტული პუნქტით - 8.25 პროცენტამდე გაზარდა.
ამის შედეგად 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია "საზოგადოება და ბანკების“ უახლეს მიმოხილვაში.
"2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 252 029 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. შესაბამისად, 252,029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება“ - წერია მიმოხილვაში.
ინფორმაციის თანახმად, 252 029 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (80%). 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.
"ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ. ლარის.
ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 130,138 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,541,963 ლარს შეადგენს“, - წერია მიმოხილვაში.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა - ამის შესახებ საქართველოს ერონული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. გააგრძელეთ კითხვა