ავტორი:

"მომიტევეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, ლევან ჯანგველაძის სული კი ნათელში იყოს" - რა თქვა გიორგი მიქაძემ სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოტანამდე?

"მომიტევეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, ლევან ჯანგველაძის სული კი ნათელში იყოს" - რა თქვა გიორგი მიქაძემ სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოტანამდე?

არ არის ადვილი ჩემთვის აქ საუბარი. რა როლშიც ვარ, არასახარბიელოა, მაგრამ უნდა ვილაპარაკო, რაც სიმართლეა, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიქაძე თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმართავდა სასამართლოს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს. მადლიერება მინდა გამოვხატო მოსამართლის მიმართ - თქვენ მიერ შენარჩუნებული სამაგალითო წესრიგისთვის. ბატონ პროკურორს მადლობა, რომ შეძლო, სხვადასხვა მხარეს დგომის მიუხედავად, ღირსეულად მოვსულიყავით აქამდე",- განაცხადა მიქაძემ.

მისივე განმარტებით, ეს დღეები ბევრს ფიქრობდა და გადაწყვიტა, ჩამოეწერა ყველაფერი, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა. მიქაძის თქმით, დიდი ხანი დასჭირდა, ჩარჩოებში მოექცია ყველაფერი, რადგან „ფაზლის აწყობას ჰგავს ეს ყველაფერი“.

„ბევრი ფაზლია თითქოს, ერთმანეთში არეული და უნდა ავაწყო, რაც ძალიან რთულია. ეს საქმე არის წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა. ეს ამბავი როცა მოხდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მედიით დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას. ხან ვის მოჰქონდა ჭორი და ხან ვის",- აცხადებს მიქაძე.

მისივე თქმით, მასთან ორი სხვადასხვა კაცი მივიდა და უთხრა, რომ უძილაურმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, მაგრამ ის მისივე განმარტებით, იმდენად არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, რომ დრო რომ დააბრუნონ, მაინც ასე მოიქცეოდა.

მიქაძის თქმით, ის დაიჭირეს, შემდეგ მის ძმას წაუყენეს ბრალი, დაიჭირეს მისი დაცვის წევრი და კიდევ ერთი წევრი გარემოცვის, ამ ყველაფერს კი მაინც რაღაც აკლდა, რაც დამაჯერებლობა იყო. ბრალდებულის თქმით, ამ დამაჯერებლობისთვის საქმეში პატაკები შემოვიდა.

მიქაძის თქმით, მისი ძმა უდიდეს თაღლითობასთან დააკავშირეს. როგორც ის ამბობს, მას თაღლითები ამქვეყნად ყველაზე მეტად სძულს და სწორედ ამიტომ მისივე თქმით, 2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, კანადაში წავიდა და ბევრი თვის მერე საქართველოში დაბრუნდა. ბრალდებულის თქმით, „უმტკიცებენ, რომ თურმე, "ქოლცენტრების" ოფისებში დადიოდა". მიქაძის განმარტებით, მთელი ეს წლები მას ფარცხალაძე თვალით არ უნახავს.

ის ასევე შეეხო გელა უძილაურის ჩვენებას, სადაც მან თქვა, რომ მასთან პოლიცია შევიდა ციხეში და მიქაძეებზე ხელის დადებას სთავაზობდნენ. ბრალდებულის თქმით, ეს არ გამოუვიდათ და ზუსტად მეორე დღეს წაუყენეს ბრალი თაღლითურ "ქოლცენტრზე".

მისივე თქმით, რაც გარეთ ხდება, ეს არა მისი, არამედ გარდაცვლილის შეურაცხყოფაა. მისივე განმარტებით, „რაც გარეთ ხდება, ეს მართული პროცესია“.

მან ასევე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიმართა: „ბატონო მოსამართლე, არ ვაპირებ თავის მართლებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დანაშაული არ ჩამიდენია“.

"მომიტევეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, ლევან ჯანგველაძის სული კი ნათელში იყოს“.

ცნობისთვის, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით წარუდგინეს, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

სასამართლომ სამივეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდადებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

იხილეთ ასევე: