დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპატრიარქოსთან მივიდნენ. ისინი ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. მშობლების თქმით, მათ სურთ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვები საპატრიარქოში მიიღონ და დალოცონ.
"სამი კვირის წინ წერილი გავაგზავნეთ, ვითხოვეთ საპატრიარქოს დახმარება. პასუხი არ მოგვსვლია. დღეს კიდევ გავაგზავნეთ წერილი, კიდევ ვითხოვეთ დახმარება. არც დღეს არ მოგვსვლია პასუხი და პირდაპირ მოვედით აქ. მგონი იესო ქრისტეს წერილების გაგზავნა არ სჭირდებოდა, როდესაც ჩამოდიოდა სნეული ბავშვების დასახმარებლად. მგონი, იესო ქრისტესთან განცხადების გაგზავნა არ იყო საჭირო, როდესაც ის ავადმყოფებს კურნავდა და არც საპატრიარქოს არ უნდა დასჭირდეს განცხადებით მიმართვა, რომ დალოცოს ბავშვები და დაეხმაროს სნეულ ბავშვებს.
ჩვენ დღეს გვინდოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან აქციის ჩატარება, მაგრამ უარი გვითხრეს. ეს არ არის სპონტანური, გუშინ დავწერეთ განცხადება, მაგრამ ასეთი რამ მოგვწერეს ოფიციალურად, რომ ეს არის ადგილი, სადაც ხალხი მუშაობს, სადაც ხალხი ცხოვრობს და გადაადგილდებაო, ამიტომ სხვაგან წადითო, სადაც ხალხი არ მუშაობს, არ ცხოვრობს და არ გადაადგილდებაო, ანუ ოქროყანის მინდვრებში გაგვაგზავნეს აქციის ჩასატარებლად“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მშობლები ახლა სიონში, პატრიარქის საფლავთან მიდიან.
გასულ ღამეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მე-16 ღამე გაათენეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი სახელმწიფოსგან სამკურნალო მედიკამენტს ითხოვენ.