ჯანდაცვის ექსპერტები ღია ზღვაში ჩარჩენილი საკრუიზო ლაინერის, “MV Hondius“ -ის მგზავრებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა რვა კვირიანი კარანტინის გავლა დასჭირდეთ, პარალელურად კი სპეციალისტები გემზე“ჰანტავირუსის’ აფეთქების ლოკალიზებას ცდილობენ.
როგორც წესი, “ჰანტავირუსი“ მღრღნელებისგან ვრცელდება, თუმცა მისი იშვიათი შტამი, “ანდების“ ვირუსი, ადამიანიდან ადამიანზეც გადადის და 40%-იანი სიკვდილიანობა ახასიათებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვარაუდით, სწორედ ეს შტამი გახდა აფეთქების მიზეზი, რომელმაც უკვე იმსხვერპლა სამი მგზავრი, შვიდი კი დაავადდა.

სამედიცინო ჯგუფები “კაბო-ვერდესთან“ მდგარ გემზე ავიდნენ, რათა ეკიპაჟის ინფიცირებული წევრებისთვის ემკურნალათ. ვინაიდან ხომალდზე მღრღნელების კვალი ვერ აღმოაჩინეს, სამედიცინო პერსონალი ეცადა დაედგინა, თუ რა საერთო კავშირი ჰქონდა ინფიცირებულ მგზავრებს ერთმანეთთან.

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ “ჰანტავირუსის“ საწინააღმდეგო პრეპარატი არ არსებობს და მხოლოდ მისი სიმპტომური მკურნალობა არის შესაძლებელი. დაავადება თავიდან გრიპს ჰგავს, თუმცა მდგომარეობა შეიძლება სწრაფად დამძიმდეს.


ექიმ დევისის თქმით, 150-მდე მგზავრს სასწრაფოდ ხმელეთზე გადაყვანა ესაჭიროება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემად ის რჩება, რომ გემს პორტში შესვლის უფლებას არავინ აძლევს. კაბო-ვერდეს ხელისუფლების უარის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაინერს ესპანეთის კანარის კუნძულები მიიღებს, თუმცა ოფიციალურ მადრიდს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

მიუხედავად მძიმე სურათისა, ექსპერტები თვლიან, რომ გლობალური პანდემიის საფრთხე არ არსებობს, რადგან ვირუსის გასავრცელებლად ხანგრძლივი და ძალიან ახლო კონტაქტია საჭირო.
ამჟამად მგზავრები იზოლაციის წესებს ექვემდებარებიან. კომპანია “Oceanwide Expeditions“ -ის განცხადებით, ბორტზე სრული სიმშვიდეა. ერთ-ერთი მგზავრის, ჯეიკ როსმარინის თქმით, “ხალხის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის ეკიპაჟი ყველაფერს აკეთებს, მათ საკვები პირდაპირ კაიუტებში მიაქვთ“.
თუმცა როგორც ექიმი დევისი აღნიშნავს, “ხალხი დიდ სტრესსა და შფოთვას განიცდის. მდგომარეობა მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როდესაც მათ ხმელეთზე გადაიყვანენ და გადატანილი ტრავმისგან დისტანცირების საშუალება მიეცემათ“.