მეუფე იობს შეიძლება მოჰპარეს დიპლომი, მე მის სიტყვებში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაიკარგა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
"რა ვიცი, რა გითხრათ. იცით რა, მეც კინაღამ ასეთ დღეში აღმოვჩნდი რა. მეც რაღაცა ჩემი დიპლომი ვერ ვიპოვე. ვერ ვიპოვე და გადავატრიალე ყველაფერი და მერე გამახსენდა, არ მახსოვდა, როდესაც მე ასპირანტურაში ჩავაბარე, უნივერსიტეტის დიპლომიც მომთხოვეს და სასულიერო აკადემიის დიპლომიც და აღარ დამიბრუნეს, ჩვენთან უნდა დარჩესო. დარჩეს დარჩეს, ოღონდ არ მახსოვდა, შემდეგ მათ მომცეს დისერტაცია რომ დავიცავი და ის დიპლომი კი მქონდა. აქ ქაღალდზე არ არის ლაპარაკი, ვფიქრობ, ეს ამბავი თვითონ მეუფე იობს არ გაუხმაურებია და უბრალოდ გამოვიდა სინოდიდან, აღარ ჩავუღრმავდები ვინ გაახმაურა და როგორ, მაგრამ მეუფე იობმა რომ განაცხადა, რომ მას დამთავრებული აქვს და დიპლომი ჰქონდა, ეს სავსებით საკმარისი იყო. ჩვენ ვთხოვეთ მეუფე იობს, რომ მეუფე ზოსიმე იყო მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი და მეუფე ზოსიმესგან მოეტანა წერილობითი დადასტურება, რომ ნამდვილად ჰქონდა დიპლომი. მოიტანა და ამ წერილის საფუძველზე სასულიერო აკადემიამ გადაწყვიტა რომ მიანიჭოს თავიდან მეუფე იობს ქაღალდი დიპლომი. არავითარი პრობლემა ამაში საერთოდ არ არის. ის, რომ მეუფეს მოჰპარეს, შეიძლება მოჰპარეს, კი. მე მის სიტყვებში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაიკარგა, ზუსტად ხომ არ იცის ვინ მოჰპარა და როგორ, დაიკარგა დიპლომი, ნუ არა უშავს რა. აგერ არის ახალი დიპლომი, მის კანდიდატობას ამით საფრთხე არ შეჰქმნია“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ეპისკოპოსებზე ზეწოლის შესახებ არ სმენია და არც მასზე ზეწოლა უცდია ვინმეს.
"ყველამ თუ ვიცით, მეც უნდა ვიცოდე ხომ? ხომ ვარ ამ ყველაში ხომ? საერთოდ, პირველად მესმის ეგ ამბავი ზეწოლის და რაღაცის. მაგალითად, ჩემზე რატომ არ შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს საწყენი ამბავია, ყველაზე თუ განახორციელეს, მე რა დავაშავე. ჩემზეც განეხორციელებინათ კაცო. არავის განუხორციელებია ნამდვილად. აი, ღვთის წინაშე გეუბნებით რა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.