ავტორი:

სინგაპური სკოლებში აწესებს ჯოხით ცემას ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებიც სხვებს აბულინგებენ

სინგაპური სკოლებში აწესებს ჯოხით ცემას ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებიც სხვებს აბულინგებენ

სინგაპურში შემოღებული ახალი წესების თანახმად, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სხვებს აბულინგებენ (მათ შორის იგულისხმება კიბერბულინგი), “უკიდურესი საშუალებით“ - ფიზიკურად დაისჯებიან.

  • The Guardian-ის ცნობით “უკიდურესი დასჯის მეთოდი“ მოსწავლეების ხელჯოხით ცემას ითვალისწინებს - მასწავლებლებს შეუძლიათ სამჯერ დაარტყას დამნაშავეს ხელჯოხი.

ახალი წესი პარლამენტში სამშაბათ განიხილეს.

განათლების მინისტრმა დეზმონდ ლიმ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ფიზიკური დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, “თუ ყველა სხვა ზომა არასაკმარისი აღმოჩნდება. ასევე მხედველობაში ექნებათ დანაშაულის სიმძიმე“.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალი წესი მოძალადე ბიჭებს ეხება, გოგონების შემთხვევაში სხვა ზომებია გათვალისწინებული. მაგალითად: სკოლიდან გარიცხვა, სკოლაში დასჯა და ქცევის შეფასების დაბალი ქულა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რას სკოლაში ბულინგის შემთხვევებმა იმატა.

ფიზიკური დასჯა, როგორც წესი, დაწყებითი სკოლის (9-12 წლის) და უფროსი ასაკის ბიჭებზე იქნება გამოყენებული. ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ქალების დასჯას კრძალავს.

ფიზიკური დასჯის შემდეგ, სკოლა “მოსწავლის კეთილდღეობასა და პროგრესს“ გააკონტროლებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს.

  • აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სასჯელი, რომელიც პირველად ბრიტანელმა კოლონიალისტებმა მე-19 საუკუნეში შემოიღეს, სინგაპურში 50 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის კვლავ გამოიყენება ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, როგორიცაა ძარცვა, თაღლითობა ან ვიზის ვადის 90 დღით გადაცილება.

UNICEF-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფიზიკური დასჯა მსოფლიოში “საგანგაშოდ გავრცელებულია“ რჩება და ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებას.

წყარო