თურქეთის აეროპორტის საპირფარეშოში ახალშობილის დატოვების სკანდალური ისტორია ახალ ფაზაში გადადის. რუსი ეკატერინა ბურნაშკინა, რომელმაც ანტალიის აეროპორტში იმშობიარა და ჩვილი მიატოვა, ამჟამად შვილის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ბავშვი ამ დროისთვის მინდობით აღზრდაში, უცხო ოჯახში იმყოფება, ხოლო მეურვეობის ორგანოები ბურნაშკინებს ჩვილის ნახვის უფლებასაც კი არ აძლევენ.
"ბავშვის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. ინფორმაციას არავინ გვაწვდის - არც ბებიას და არც ბაბუას ბავშვს არ აჩვენებენ. ჩვენ უკვე შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, რათა ოჯახის წევრებს ბავშვთან ურთიერთობის უფლება მაინც მიეცეთ მანამ, სანამ მეურვეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება" - განმარტავს ადვოკატი.

მისივე თქმით, თავად ეკატერინა მომხდარს მძიმედ განიცდის. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთიდან დაბრუნდა, მუდმივად შვილი ესიზმრება და მისი ნახვის სურვილით ცხოვრობს. ბებია კი დარწმუნებულია, რომ შვილიშვილს ადრე თუ გვიან დაუბრუნებენ, თუმცა იურიდიული პროცესები გაცილებით რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ოჯახს ჰქონდა იმედი.
ადვოკატის მტკიცებით, მეურვეობის ორგანოები განზრახ აჭიანურებენ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარდგენილია, უწყებები ახალ-ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიან.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბებიას მეურვეობაზე უარი უთხრეს, თურქეთში მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე იყო. თუმცა, ელისეევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბებია თურქეთში სრულად გამართლდა და მას ბრალდება მოეხსნა, რაც მეურვეობის ორგანოსთვის ცნობილია, თუმცა ამ ფაქტს მაინც იყენებენ უარის საფუძვლად.
ამ საქმეზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა ცნობილმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმაც. ეკატერინას მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს. მისი თქმით, სოციალურმა მუშაკებმა ურჩიეს ოჯახი, რომელიც ბავშვს თურქეთიდან გამოიყვანდა, თუმცა მოგვიანებით მასთან კონტაქტი გაწყვიტეს.
"ბავშვის დაბრუნების შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე. როცა სოციალურ მუშაკებსა და მიმღებ ოჯახს დავუკავშირდი, მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ჩვილების ხარჯზე ფულის კეთება. როგორც ვიცი, მიმღები ოჯახები სოლიდურ თანხას იღებენ, ამიტომაც არ სურთ ბავშვის დათმობა,“ - აცხადებს ჩვილის ბაბუა.
დაკავება ანტალიის აეროპორტში და თურქული ციხე - როგორ განვითარდა მოვლენები
შემზარავი შემთხვევა ანტალიის აეროპორტში რამდენიმე თვის წინ მოხდა. ეკატერინა ბურნაშკინა და დედამისი, ელენა ბურნაშკინა, თურქ სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოსკოვის რეისზე ასასვლელად რეგისტრაციას გადიოდნენ. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე, აეროპორტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა საპირფარეშოს უნიტაზში ახალშობილი იპოვა. სათვალთვალო კამერების მეშვეობით მშობიარე ქალის იდენტიფიცირება ოპერატიულად მოხდა.
ეკატერინა ბურნაშკინამ თურქეთის ციხეში თვეები გაატარა. თავდაპირველად მას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა, რაც საკმაოდ მძიმე სასჯელს ითვალისწინებდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ გოგონას ე.წ. „ფარული ორსულობა“ ჰქონდა - ანუ მან მშობიარობის დაწყებამდე საერთოდ არ იცოდა, რომ ბავშვს ელოდებოდა, ხოლო ჩვილის საპირფარეშოში დატოვება მშობიარობის შემდგომი მწვავე შოკით იყო განპირობებული.

გამოძიება მიმდინარეობდა ეკატერინას დედის, ელენა ბურნაშკინას მიმართაც. პოლიცია ეჭვობდა, რომ მან იცოდა შვილის მდგომარეობის შესახებ და დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდა. თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ ბებია სრულად გაამართლა.
რაც შეეხება ეკატერინას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თურქულმა მართლმსაჯულებამ მას ქვეყნის დატოვების უფლება მისცა, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება. ქალი ამჟამად რუსეთში იმყოფება და სამართლებრივ ბრძოლას იქიდან აწარმოებს, რათა მინდობით აღზრდაში გადაცემული შვილის დაბრუნება შეძლოს.