"კვარაცხელია PSG-ის ბრწყინვალებისთვის იდეალური შეტევითი სკალპელია - არსენალო, ფრთხილად!" - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "გარდიანი" სტატიას, რომლის ავტორიც ბარნი რუნია.
გთავაზობთ სტატიის ნაწილის თარგმანს:
"ყველაფერი ისეთივე ვერ იქნებოდა, როგორც პირველ თამაშში. ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც ერთხელ გვაქვს - პირველი კოცნა, ან ისეთი განცდა, როგორიც ამ გუნდებს შორის გამართულმა პირველმა მატჩმა მოიტანა - თითქოს შეყვარებულების მიერ შექმნილ უცხოპლანეტურ, სიზმარში ვიყავით, ბურთთან ერთად.
რეალურად, მიუნხენის "ბაიერნმა“ "პარი სენ-ჟერმენს“ "ალიანც არენაზე“ თითქმის ვერაფერი დაუპირისპირა. უსმან დემბელეს მიერ მესამე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, მიუნხენელები მდევრის როლში იყვნენ. მატჩის ბოლოს ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა. "ბაიერნი“ ჰგავდა გუნდს, რომელიც თითქოს გაჩერებული მდგომარეობიდან ცდილობდა ენერგიის გამომუშავებას - იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იყო, თითქოს გაშლილი ხელით ვიღაც აჩერებდა, ხოლო თვითონ მუშტებს ჰაერში უშედეგოდ იქნევდა.

პსჟ გახდა გუნდი, რომელსაც სუსტი წერტილები აღარ აქვს - მხოლოდ ძლიერი მხარეები, მაღალი კლასის ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე. შესაძლოა, ერთადერთი გამონაკლისი მეკარეა - თუმცა შეიძლება ესეც მხოლოდ ხაფანგი იყოს.
პსჟ-ს ხელმძღვანელობამ სამაგალითო ნაბიჯი გადადგა, როცა სრული თავისუფლება მისცა ლუის ენრიკეს, კაცს, რომელიც აქ მოსვლისას მეთევზეს ჰგავდა.

ლუის ენრიკეს გუნდი დაუღალავად აკეთებს პრესინგს და მეტოქეს სივრცეს არ უტოვებს. მათ შეუძლიათ მატჩის კონტროლი ნელი, პოზიციური ფეხბურთით. შეუძლიათ სტანდარტულებიდან გატანა.
მაგალითად, "არსენალის" ბუკაიო საკა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მაგრამ ის ჯერ არ არის ისეთი დონის, როგორიც ხვიჩა კვარაცხელია - ტრიუკებისა და ფანტაზიის მხრივ. კვარაცხელია, დემბელე, დეზირე დუე - მართლაც ხელით შერჩეული შეტევითი "სკალპელები" არიან.
როცა ბურთი მოწინააღმდეგეს აქვს, გიჟებივით აპრესინგებენ, ხოლო როცა თვითონ აქვთ, მხოლოდ წინ მოძრაობენ. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს მუდმივი, დაუნდობელი კონტრ პრესინგის ქარიშხალი.
ის, თუ როგორ ცდილობდა ბაიერნის მცველი კვარაცხელიას შეჩერებას, ჰგავდა ჩვეულებრივი ადამიანის დაპირისპირებას ჰიპერ-ტექნიკურ, მომავლის უცხოპლანეტელ შემტევთან.
ალბათ, კონრად ლაიმერი (ბაიერნის მცველი) "ალიანც არენადან" ისე წავიდა, რომ ყოველ 10 ნაბიჯში უკან იხედებოდა, ხომ არ იყო ხვიჩა კვარაცხელია ისევ მის უკან, ამოწმებდა, ხომ არ იჯდა მის მანქანაში უკანა სავარძელზე, ან სახლში მისულს, შუქის ანთებისას ხომ არ დახვდებოდა დივანზე მოკალათებული
თამაშამდე "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინცენტ კომპანიმ თქვა, რომ პსჟ-ს დაცვით ვერ დაამარცხებ. ის ალბათ მართალიც იყო და თან, ცდებოდა კიდეც.
"ბაიერნი" პსჟ-ს დაცვით ვერ მოუგებდა, რადგან მიუნხენელები საკუთარ თავს არ ზღუდავენ და "მშრალ მატჩებს" იშვიათად თამაშობენ. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი გუნდი, რომელიც ამას გააკეთებს. "არსენალი" ევროპაში საუკეთესო დაცვითი გუნდია.

რა თქმა უნდა, "ფეხბურთის ესთეტები", ცხვირზე სურნელოვან ცხვირსახოცებს მიიფარებენ თუ "არსენალი" მოიგებს და იტყვიან, რომ მხოლოდ თავისუფალი, ლაღი ფეხბურთია ნამდვილი სანახაობა, მაგრამ ისინი ცდებიან.
სწორედ ეს არის ფეხბურთის სილამაზე - ის რთული უნდა იყოს, ზოგჯერ მონოტონურიც და მისი ყველაზე ამაღლებული მომენტები სწორედ ნამდვილი წინააღმდეგობიდან უნდა იბადებოდეს",