რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ის, რამაც დააზიანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაქსიმალურად გამოსწორდეს და მათი მხრიდან სწორად იქნას აღქმული და დანახული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
:შეხვედრების ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ უკრაინულმა მხარემ მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი პოზიცია და დამოკიდებულება მინიმუმ კომუნიკაციის დონეზე. ეს ყველაფერი ამართლებს ჩვენი მოთმინების და მოცდის პოლიტიკას, რომლითაც ყოველთვის ვამბობდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ მხარეს გარკვეული არასწორი ნაბიჯები და გარკვეულწილად უსამართლო გადაწყვეტილებები ჰქონდა - იცით, რომ მათ დასანქცირებული ჰყავთ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც კი, ვისაც ხვდებოდნენ - ამის ფონზე ჩვენ უფრო გრძელვადიან ჭრილში ვუყურებდით ამ ყველაფერს, ვითვალისწინებდით იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც გვაქვს,
იმ ურთიერთობებს და იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველო-უკრაინის მეგობრობისა, რომელიც არსებობს და ამიტომ მოთმინების რეჟიმში ველოდებოდით ზუსტად ამ დღეს, როდესაც უკრაინის მხარე, ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა, რომ მოდი, ვნახოთ რამ განაპირობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა. თავისთავად ამ დღეს ზუსტად ჩვენ მივაწვდიდით ყველა იმ მოცემულობას, ფაქტს და ავუხსნით თუ რატომ იქნა ძალიან მწვავედ აღქმული ქართული საზოგადოების მხრიდან ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიწყო ელჩის გაწვევიდან და გაგრძელდა დასანქცირებებით და ყველა იმ მოწოდებებით, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას გულისხმობდა და იმ ზოგადად ძალიან ნეგატიური განწყობით, რომელიც უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან მოდიოდა საქართველოსკენ“, - განაცხადა წილოსანმა.
"ყველა კომპონენტი, მათ შორის ადეიშვილის იქ ყოფნა, დასანქცირება, ელჩების გაწვევა და ა.შ, არის ყველაფერი ის, რასაც უკრაინული მხარე აკეთებდა არასწორად. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ის, რამაც დააზიანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მაქსიმალურად გამოსწორდეს და მათი მხრიდან სწორად იქნეს აღქმული, დანახული. თუ ეს მიზანმიმართულად არ ხდებოდა და ეს იყო უბრალოდ რაღაცა შეცდომის ან გარემოებების არ გათვალისწინების ფაქტორი, ეს იყოს შესაბამისად მიღებული და რეაგირებული“, - აღნიშნა წილოსანმა.