მეცნიერთა განცხადებით, ტიპური "მამაკაცური“ საქმიანობა და ქცევის მოდელები გარემოსა და კლიმატზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. კვლევაში, რომლის შესახებაც გამოცემა Daily Mail წერს, 13 ქვეყნის სპეციალისტი მონაწილეობდა.
ნაშრომში სათაურით "კაცები, მასკულინობა და პლანეტა (მ)ანთროპოცენის მიწურულს“, მკვლევრებმა გააანალიზეს, თუ როგორ აისახება სოციალური როლები და მამაკაცური ჩვევები ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
Shutterstock Explore ავტორებმა თავიანთი დასკვნები, რომლებიც ჟურნალში International Journal for Masculinity Studies გამოქვეყნდა, 6 ძირითად კატეგორიად დაყვეს:
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები გარემოზე გაცილებით დიდ უარყოფით გავლენას ახდენენ, რაც მეტწილად ტრანსპორტის ხშირ გამოყენებასთან, მოგზაურობასთან, ტურიზმსა და ხორცის მოხმარებასთან არის დაკავშირებული.
"მამაკაცები უფრო მეტ ხორცს მოიხმარენ, ვიდრე ქალები და მეცხოველეობა-მრეწველობის კომპლექსის მთავარ მომხმარებლებად გვევლინებიან. ბევრ კულტურაში ხორცის ჭამა ჯერ კიდევ დომინანტური მასკულინობის განუყოფელი ნაწილია“, - განმარტავენ მეცნიერები.
მეცნიერების დაკვირვებით, მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად არიან შეწუხებულნი კლიმატის ცვლილების საკითხებით და იშვიათად გამოთქვამენ მზადყოფნას, ეკოლოგიის გადასარჩენად ყოველდღიური ჩვევები შეცვალონ.
სტატიის მიხედვით, მამაკაცები ნაკლებად უჭერენ მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ეკოლოგიური სამართლიანობისთვის იბრძვიან. განსაკუთრებით მდიდარი, დასავლური ელიტის წარმომადგენელი კაცები დომინირებენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მომპოვებელი მრეწველობა, ავტოინდუსტრია და ხელოვნური ინტელექტი - დარგები, რომლებიც გარემოსთვის დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
მკვლევართა აზრით, ტრადიციულად "მამაკაცური“ სფეროები - მძიმე და ქიმიური მრეწველობა, აგრარული სექტორის კონტროლი და მილიტარიზმი - პლანეტისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანია.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული სახელები არ სახელდება, კვლევა ხაზს უსვამს, რომ ყველაზე მეტ ზიანს პლანეტას გლობალური ჩრდილოეთის (დასავლეთის ქვეყნების) პრივილეგირებული და გავლენიანი მამაკაცები აყენებენ.
მეცნიერები იქვე აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნები ყველა მამაკაცს არ ეხება. პირიქით, ბევრი მათგანი აქტიურად და ენერგიულად მუშაობს ამ ნეგატიური ტენდენციების შესაცვლელად და კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად.