გასულ კვირას, ნიუ-ჯერსის შტატში, ტბასთან მყოფი ადამიანები ნამდვილი საშინელების მოწმენი გახდნენ, 8 წლის ბიჭს თავს ცოფიანი თახვი დაესხა. რის შემდეგაც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს იმ მძვინვარე მღრღნელთან შებრძოლება მოუხდათ, რომელმაც მანამდე სხვა დამსვენებლებიც დააფრთხო.
ინციდენტი საღამოს ქალაქ მაჰვას მუნიციპალიტეტში მდებარე “ჰენრის“ ტბაზე მოხდა.


პოლიციის კაპიტან მაიკლ ბლონდინის თქმით, ბავშვი ოჯახთან ერთად თევზაობდა, როდესაც თახვი გამოჩნდა. ბიჭმა გაქცევა სცადა, თუმცა წაიბორძიკა, რის შემდეგაც ცხოველმა მას ბარძაყზე უკბინა. ოჯახის მეგობარმა რამდენიმე დარტყმით შეძლო ცხოველის ბავშვისგან მოშორება, თუმცა აგრესიული მღრღნელი მაინც ცდილობდა ადამიანებზე თავდასხმას.


გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ ოჯახის წევრები ცხოველის მოგერიებას, რამდენიმე ხნის შემდეგ მათ აგრესიული მღრღნელის წყალში გადაგდება მოახერხეს, თუმცა ცხოველი ადამიანებს მაინც არ მოეშვა და სცადა კიდევ ერთი მამაკაცისთვის ეკბინა.
მოგვიანებით ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ცხოველს ცოფი აღმოაჩნდა. 8 წლის ბავშვი სამკურნალოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ცნობილი გახდა თახვმა ტბაზე სხვა დამსვენებლებიც დაკბინა, ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას გადის.

თახვი პლანეტაზე სიდიდით მეორე მღრღნელად ითვლება (კაპიბარას შემდეგ). მათი სიგრძე 90-დან 120 სმ-მდე მერყეობს, წონა კი 13-დან 32 კილოგრამამდე აღწევს.
მნიშვნელოვანი ფაქტი: ცოფი უკიდურესად საშიში ვირუსია, რომელიც ნერწყვით გადადის. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება თითქმის ყოველთვის ფატალურად მთავრდება, ამიტომ დროული ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.