კალუგაში დატრიალებულმა სისხლიანმა გარჩევამ რუსეთის ჩემპიონის, 35 წლის დიმიტრი ისაევის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა 7 მაისის ღამეს მოხდა და ის სრულად დააფიქსირა გარე მეთვალყურეობის კამერებმა, რამაც საზოგადოება მომხდარის სისასტიკით შეძრა.
ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ საუბრობს სპორტსმენი ქუჩაში ორ მამაკაცთან. საუბარი მშვიდად იწყება, თუმცა წამებში ყველაფერი იცვლება: ერთ-ერთი მამაკაცი მოულოდნელად იარაღს იღებს და ათლეტს ახლოდან ესვრის. დაჭრილი ისაევი ძირს ეცემა, თავდამსხმელი კი მას კიდევ ერთ, "საკონტროლო“ ტყვიას ესვრის.
კადრებში ასევე ჩანს კონფლიქტი თავად თავდამსხმელსა და მის თანმხლებ პირს შორის. როგორც ჩანს, მეორე მამაკაცი ასეთ ფატალურ დასასრულს არ ელოდა და მომხდარით შეძრწუნებული მკვლელთან ჩხუბს იწყებს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულის მიზეზი ბანალური და ამავდროულად შემზარავია - ეჭვიანობა. სპორტსმენის მკვლელი მისი შეყვარებულის ყოფილი პარტნიორი აღმოჩნდა. კაცი ვერ შეეგუა დაშორებას და შური იძია მასზე, ვისზეც ყოფილმა გაცვალა.
მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი მიიმალა, რის გამოც მეზობელ რეგიონებში სპეცოპერაცია გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის თქმით, დამნაშავე ბრიანსკის ოლქში შენიშნეს. ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილით გაქცევა სცადა, თუმცა მოგვიანებით მანქანა მიატოვა და ტყეში მიმალვა დააპირა, სადაც სამართალდამცავებმა აიყვანეს. დაკავებისას ის აშკარა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
35 წლის დიმიტრი ისაევი სპორტულ სამყაროში ცნობილი ფიგურა იყო. ის გახლდათ რუსეთის ჩემპიონი ფუნქციონალურ მრავალჭიდში. სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში. წარმატებული პერსონალური მწვრთნელი, რომელმაც უამრავ ადამიანს დააწყებინა ჯანსაღი ცხოვრება, წერს რუსული მედია.

დიმიტრის კოლეგები და მეგობრები მას ახასიათებენ, როგორც მიზანდასახულ და ნიჭიერ ათლეტს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის მუხლი მკვლელობის მუხლით, რაც დამნაშავისთვის ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას კალუგის ოლქის პროკურატურა პირად კონტროლზე ახორციელებს.