მარჯანიშვილის თეატრიდან 1-ელ მაისს 9 მსახიობი გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად ბრძანებაში უწერიათ, რომ 3-თვიანი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ... ამ არცთუ სასიამოვნო ფაქტიდან უკვე 8 დღე გავიდა. ჩვენ ირაკლი ჩოლოყაშვილს დავუკავშირდით, რომელიც იმ ცხრა მსახიობთაგან ერთ-ერთია, ვინც თეატრიდან გაუშვეს.
როგორ აფასებს მომხდარს, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას და საერთოდ რა გეგმები აქვს, ამაზე AMBEBI.G ესაუბრა.
- ირაკლი, თქვენი მარჯანიშვილის თეატრიდან გათავისუფლებაზე უნდა შევეხოთ. ცხადია, თეატრი თქვენი ნებით არ დაგიტოვებიათ. მოგვიყევით, რა მოხდა, რადგან აქამდე ამ საკითხზე პირადად საუბრის შესაძლებლობა არ მოგვცემია...
- თითქმის 30 წელიწადია, რაც მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი. აქამდე სულ ერთწლიანი ხელშეკრულებები გვიფორმდებოდა. წელს კი, იანვარში, მე და კიდევ რამდენიმე მსახიობს, სულ ცხრა ადამიანს, სამთვიანი კონტრაქტი დაგვიდეს. მაშინვე გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ ეს ხელშეკრულება აღარ გაგრძელდებოდა, ოღონდ, კონკრეტული მიზეზი არ ვიცოდით.
- როდის გახდა ეს გადაწყვეტილება ოფიციალური?
- 1-ელ მაისს ჩაგვაბარეს ბრძანება, სადაც წერია, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი ხელშეკრულების ვადის ამოწურვაა. იურისტებთან კონსულტაციების შედეგად გავარკვიეთ, რომ სამთვიანი ხელშეკრულება, როგორც წესი, სტაჟიორებთან, გამოსაცდელი ვადით ფორმდება ხოლმე. როდესაც ასეთ კონტრაქტს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სტაჟიან არტისტს უფორმებ, ამას საფუძვლად რაიმე მიზეზი უნდა ჰქონდეს მითითებული - მაგალითად, დისციპლინური გადაცდომა ან დარღვევა. მსგავსი არაფერი არ არის. სწორედ ამიტომ, ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და სასამართლოში დავას.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ბრძანება წაიკითხეთ? და იქვე სიტყვიერი განმარტება არ მოგითხოვიათ?
- როცა ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ზეპირსიტყვიერ დაზუსტებებს აზრი არ აქვს. თუ დასაზუსტებელია, ეს დოკუმენტით უნდა დასაბუთდეს, თორემ ასე შეიძლება ბევრნაირი ინტერპრეტაციის საშუალება მიეცეს. შესაძლოა მე ჩემი ეჭვები მქონდეს, სხვას - თავისი, მაგრამ ამოსავალი წერტილი ისაა, რაც ოფიციალურ დოკუმენტში წერია და უნდა ოფიციალურად გავასაჩივროთ. ყველანი პროფკავშირის წევრები ვართ და ამ ეტაპზე ჩვენს საქმეში პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად ჩაერთო. ცხრავე მსახიობი ვთანამშრომლობთ - ზოგი ინდივიდუალურად იდავებს, ზოგი ერთობლივად, მაგრამ ყველანი პროფკავშირის ეგიდით ვმოქმედებთ. ჯერჯერობით ამ დეტალებს გავდივართ... თითოეულის შემთხვევაში გარკვეული გარემოება არსებობს. ჩემ შემთხვევაში დამატებითი გარემოებაა - მრავალშვილიანი მამობა, ოთხი არასრულწლოვანი შვილი მყავს.

- 30 წელი თეატრში მუშაობა ცოტა დრო არ არის. თქვენ შემდგარი, ცნობილი მსახიობი ხართ, უამრავ რეჟისორთან გაქვთ ნამუშევარი. თავად რით ხსნით მომხდარს?
- ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ მოვიდა ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც, ალბათ, დასის გადახალისება და თავისი ხალხის მოყვანა სურს. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდია. ვიცი, რომ ახალგაზრდებიც მიიღო და მათ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენც, როცა მოვედით მარჯანიშვილის თეტრში, მნიშვნელოვანი იყო კარიერის დაწყება იქ. ამიტომ სასიამოვნოა და მისასალმებელია, ვინც მიიღეს, ვისაც მიიღებენ, ვიმეორებ, ყველას წარმატებას ვუსურვებ.
- გაიხსენეთ ამ თეატრში თქვენი დებიუტი. 1996 წელს მიხვედით, ხომ?
- დიახ. ჩემი დებიუტი 1997 წელს შედგა, მანამდე რეპეტიციები გვქონდა. ლევან წულაძემ დადგა სპექტაკლი „დაუსრულებელი სიზმარი“ (ეროფეევის „მოსკოვი-პეტუშკის“ მიხედვით). მაშინ თეატრში კომფორტულ გარემოში არ ვყოფილვართ. ის პერიოდი ძალიან მძიმე იყო - 90-იანების ბოლოს თეატრში გათბობა არ გვქონდა, მხოლოდ „მორიგე სინათლე“ ენთო. იმ მსახიობებმა, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად ამ ვითარებაში აღმოჩნდნენ, თეატრი საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად შეინარჩუნეს. რომ არა პროფესიის უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება, მაშინდელი 60-ლარიანი ხელფასის გამო ნამდვილად არ ღირდა გაყინულ სცენაზე დგომა. წარმოიდგინეთ, რეპეტიციაზე კიდევ შეიძლება თბილად ჩაიცვამ, მაგრამ სპექტაკლის დროს ქალბატონებს შიფონის კაბებით, ასეთი კოსტიუმებით უწევდათ თამაში. კულისებში ერთი პატარა ელექტროღუმელი („პლიტა“) გვედგა და იქ ვთბებოდით. შეიძლება, ეს სალაპარაკოც არ არის, მაგრამ ასე იყო... მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაც მარტივი არ არის, არაერთი ქარტეხილი გაიარა. მე რა უნდა ვთქვა, როცა თეატრიდან თენგიზ არჩვაძე გაუშვეს. ამიტომ ჩვენი ამბავი არ მიკვირს. ცოტა უხერხულად ვარ, მერიდება ამ ფონზე სამსახურის დაკარგვის გამო საუბარი.
- 30 წელი რა იყო პირადად თქვენთვის?
- მარჯანიშვილის თეატრთან ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. სანამ იქ მივიდოდი, მეუბნებოდნენ, მიხვალ და ინტრიგებში გაეხვევიო. რომ მივედი, ყველა ძალიან კარგად დამხვდა და ვიყავი გაოცებული. ძალიან კარგი (წინა თაობის) არტისტები დამხვდნენ. პირველივე სპექტაკლში გოგი გელოვანთან ვითამაშე. აღმატებული ემოცია იყო. ამხელა ისტორიის მქონე თეატრში მისვლა დიდი პასუხისმგებლობა იყო და არის.
- ბოლო პერიოდში რამდენად დატვირთული იყავით რეპერტუარში?
- ბოლო დიდი პროექტი ლევან წულაძის ქართულ-იტალიური კოპროდუქცია იყო, დაახლოებით 4-5 წლის წინ დაიდგა. ამ სპექტაკლით გასტროლზე ვიყავით თურქეთსა და კორეაშიც. ჩვენთან ერთად იტალიელი კოლეგები თამაშობდნენ. მანამდე იყო „საშობაო სიმღერა“. თუმცა, ბოლო ხუთი-ექვსი წელია, ახალ სპექტაკლებში არ ვყოფილვარ დაკავებული. ძველი სპექტაკლები რეპერტუარიდან როცა მოიხსნა, ახალში აღარ გამანაწილეს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება?
- ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამის თქმას მტკიცებულება სჭირდება. ეს შეიძლება ასე იყოს მანამ, სანამ ამას ვიღაც არ გეტყვის - როგორ არ გრცხვენია თუ რაღაც... ეს ხელმძღვანელმა უნდა გითხრას, მსგავსი მინიშნება ხელმძღვანელისგან თუნდაც აქციებზე სიარულის გამო, არასდროს მიმიღია. მსგავსი არასდროს ყოფილა.

- როგორც არტისტს სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ერთი სიმბოლური დეტალი მინდა აღვნიშნო: სწორედ ამ პერიოდში, პირველად ცხოვრებაში, მიწვევით აღმოვჩნდი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ერთ კონკრეტულ პროექტზე ( ამ ამბამდე) აღმოვჩნდი. პარადოქსია - იქ, სადაც სამი ათწლეული გავატარე, რეპერტუარში აღარ მრთავდნენ, სხვა სახელმწიფო თეატრმა კი მიმიწვია. ძალიან მიყვარს თუმანიშვილის თეატრი, ბავშვობიდან მისი ერთგული მაყურებელი ვიყავი, განსაკუთრებული აურა აქვს და ამ შესაძლებლობისთვის მადლობელი ვარ. თუმცა, მაინც უცნაური განცდაა: თუ რეჟისორს სხვაგან ვჭირდები, ჩემს „მშობლიურ“ თეატრში (თუ არ მიწყენენ, მშობლიურს რომ ვეძახი) რატომ აღარ აღმოვჩნდი საჭირო?!. დანარჩენი უკვე ინსინუაციებია - ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მსახიობს თამაში ეზარება ან არ სცალია, მაგრამ ფაქტი კი სხვა რამეზე მეტყველებს.
- წარმატებებს გისურვებთ, ირაკლი. იმედია, მალე კვლავ აქტიურად იდგებით სცენაზე.
- გმადლობ. სასამართლო დავა უნდა მოვიგოთ და მჯერა, მოვიგებთ კიდეც, რადგან ასეთი ტიპის საქმეები მარტივად მოსაგებია. უბრალოდ, სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი პროცესები ხშირად წლები გრძელდება.