ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა და სტრუქტურა დაამტკიცა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი ხელმძღვანელობს.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა საბჭოს შემადგენლობის სასარგებლოდ ხმა მისცა 124-მა დეპუტატმა, 70-ი წინააღმდეგი წავიდა, 36-მა კი თავი შეიკავა.
ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებმა და მინისტრებმა პარლამენტში ფიცი დადეს.
ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად ველისლავა პეტროვა-ჩამოვა დაინიშნა, თავდაცვის მინისტრად კი - დიმიტრი სტოიანოვი.
„პროგრესულმა ბულგარეთმა“, რომელმაც 19 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარტიის ლიდერი, რუმენ რადევი წარადგინა.
რადევი 2017-2026 წლებში ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 19 აპრილის არჩევნები ბულგარეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული მერვე საპარლამენტო არჩევნები იყო.