ავტორი:

“ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა, დაარტყა თავი - მისი დიაგნოზიდან გამომდინარე ეს არის საგანგაშო“ - ანტონ ჩეჩინის მეუღლე მსჯავრდებულის  საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

“ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა, დაარტყა თავი - მისი დიაგნოზიდან გამომდინარე ეს არის საგანგაშო“ - ანტონ ჩეჩინის მეუღლე მსჯავრდებულის  საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის მეუღლის ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინი ციხეში შეუძლოდ გახდა, დაეცა და თავი დაარტყა. ამის შესახებ ჩეჩინის მეუღლე, მანანა სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • მანანა სამხარაძე მსჯავრდებული მეუღლის კლინიკაში გადაყვანას და ყველა სათანადო გამოკვლევის ჩატარებას ითხოვს.

“დღეს ვინახულე ანტონი. ვინაიდან, რეჟიმი დაუკეტეს და ზარები შეზღუდული აქვს, დღეს პირველად მოვისმინე ორშაბათს მომხდარი საშინელი ამბავი.

თურმე, ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა. რაც ყველაზე საშიშია, დაარტყა თავი. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე (თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი), ეს არის საგანგაშო. ჯერ კიდევ რუსეთში უთხრეს ექიმებმა, რომ პატარა დარტყმის შემდეგაც კი მაშინვე უნდა გადაეღო ტომოგრაფია და თავს ძალიან უნდა გაფრთხილებოდა. ეს იყო იმის მიზეზი, თუ რატომ მეშინოდა ასე ძალიან მისი აქციებში მონაწილეობისაც.

ციხის ექიმებმა მოასულიერეს, წნევა გაუზომეს და ნემსი გაუკეთეს. ანტონს აქვს ძლიერი თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ღებინება. ვარაუდობს, რომ შეიძლება ტვინის შერყევა იყოს, თუმცა საავადმყოფოში არავის გადაჰყავს.

არც ტომოგრაფიის გადაღებას აპირებენ. ციხეს უყოყმანოდ მიჰყავდა ტომოგრაფიის გადასაღებად 6 თვეში ერთხელ. ახლა, 14 მარტს უწევდა გადაღება, რაზეც უარი განაცხადეს, რადგან “ვივამედის“ ნეიროქირურგმა ბადრი საღირაშვილმა მხოლოდ ის მიუთითა ფორმა ასში, რომ საოპერაციოა, თუმცა არა ის, რომ ტომოგრაფია სჭირდება. როდესაც ციხიდან ტომოგრაფიის გადაღებაზე უარი ამ მიზეზით მომივიდა, დავუკავშირდი ბადრი საღირაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულამდე არ დაწერდა და თავის თავზე იღებდა, რომ ზაფხულამდე არაფერი მოუვიდოდა. ასევე მითხრა, რომ მისთვის აღარასდროს დამერეკა და გამითიშა.

თუმცა, ამ სიტუაციის შემდეგ, ვერანაირად მოვიცდით ზაფხულამდე. ნეიროქირურგებისგან გაფრთხილებული ისედაც ვიყავით, რომ თუ მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლებელი იყო გულის წასვლის დაწყებაც. მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის გულის წასვლის გამომწვევი მიზეზი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, რადგან თავი დაარტყა, ეს უკვე საკმარისზე მეტი მიზეზია, რომ მისი მდგომარეობა ტომოგრაფიის მეშვეობით სასწრაფოდ გაკონტროლდეს და ანტონი გადაყვანილი იქნას საავადმყოფოში! წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სიცოცხლეს უკვე ემუქრება საფრთხე.

ვითხოვ ანტონ ჩეჩინის სასწრაფოდ გადაყვანას საავადმყოფოში და მისთვის ყველა სათანადო გამოკვლევის ჩატარებას, მათ შორის, ტომოგრაფიის.

განცხადება შეტანილია პენიტენციურშიც და სახალხო დამცველის აპარატშიც. ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას“,- წერს მანანა სამხარაძე.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.