“დაკავებულია ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი - დღენახევარია ვხედავთ, რომ ამ საკითხში ეჭვის შეტანას ცდილობენ! რაკი საკითხი ასე დააყენეს, შემიძლია უსაფრთხოების სამსახურსა და მის ხელმძღვანელს ვთხოვო, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს შესაბამისს უწყისს ხელს,“ - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი უძილაურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მდინარაძე ამბობს იმასაც, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს.
“სუს-ის პირველ ბრიფინგზე, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, იყო პირველი მინიშნება. იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი დააკავა. როგორც მივხვდით, ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. ამის შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ძალიან საინტერესო ადამიანი - ამ სამუშაოს წარმოების მიმართულებით საინტერესოობაზე ვსაუბრობ. შემდეგ იყო ევროპის - ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტ არაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით - ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.
დღენახევარია ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ამ საკითხშიც კი ეჭვის შეტანას ცდილობენ. რაკი საკითხი ასე დააყენეს, შემიძლია უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ვთხოვო, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისს ხელს“.
ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია რეალიზებაში მოვიტანოთ და შესაბამისი მინიშნებები სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. მაგრამ ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. ჩვენ რასაც სხვაგან არ ვკადრულობთ, ნურც ჩვენთან იკადრებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.