ავტორი:

უნიკალური მოვლენა: ეთიოპიაში, ქალმა 12-წლიანი უშვილობის შემდეგ, 5 ბავშვი გააჩინა - როგორ გრძნობენ თავს დედა და ახალშობილები?

უნიკალური მოვლენა: ეთიოპიაში, ქალმა 12-წლიანი უშვილობის შემდეგ, 5 ბავშვი გააჩინა - როგორ გრძნობენ თავს დედა და ახალშობილები?

ეთიოპიაში, ჰარარის რეგიონში, ქალმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას, ერთბაშად ხუთი შვილი გააჩინა. ბედრია ადემმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ის და მისი მეუღლე “ ენით აღუწერელ სიხარულს გრძნობენ იმის გამო, რომ ერთბაშად ხუთი შვილით დაჯილდოებულები აღმოჩნდნენ“.

  • 35 წლის ქალმა ოთხი ბიჭი და ერთი გოგონა ჰივოტ ფანას სპეციალიზებულ საავადმყოფოში გააჩინა. სამედიცინო დაწესებულების განცხადებით, ხუთივე ჩვილი სრულიად ჯანმრთელია.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, დოქტორ მოჰამედ ნურ აბდულაჰის თქმით, დედა და ახალშობილები მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ჩვილები 1.3-დან 1.4 კილოგრამამდე იწონიან. მისივე თქმით, ბედრია ბუნებრივი გზით, ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) გარეშე დაორსულდა, მით უმეტეს, რომ საავადმყოფო ამ სერვისს საერთოდ არ სთავაზობს პაციენტებს. ცნობისთვის, ხუთეულის ბუნებრივად ჩასახვის შანსი 55 მილიონში ერთია.

საკეისრო კვეთა სამშაბათს საღამოს ჩატარდა. ექიმის თქმით, ბედრია ორსულობისას რეგულარულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და იცოდა, რომ ერთზე მეტ შვილს ელოდებოდა.

"თავიდან მითხრეს, რომ ოთხ ნაყოფს ველოდებოდი, თუმცა მშობიარობისას აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი იყო. მე მხოლოდ ერთ შვილს ვთხოვდი ღმერთს, მან კი ხუთი მიბოძა“, - ამბობს ბედნიერი ქალი.

მიუხედავად იმისა, რომ მის მეუღლეს წინა ქორწინებიდან უკვე ჰყავდა შვილი, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა, ბედრიასთვის უშვილობა მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთი აღმოჩნდა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ატარა და როგორ თვითონ ამბობს “უფალმა საბოლოოდ მაინც შეისმინა მისი ვედრება“

ადემას ოჯახი ფერმერობით ირჩენს თავს და თავად მან ჯერჯერობით არ იცის, როგორ შეძლებს ასეთი დიდი ოჯახის გამოკვებას, თუმცა იმედი აქვს, რომ თემისა და მთავრობის მხარდაჭერით ყველაფერს გაუმკლავდება. ხუთ ახალშობილს უკვე დაარქვეს სახელები: ნაიფი, ამარი, მუნზირი, ნაზირა და ანსარი.

წყარო