მითად ქცეული საოკეანო ლაინერი "ტიტანიკი" თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესისა და ფუფუნების, არამედ ადამიანური ამბიციებისა და ტრაგიკული ბედისწერის გამოხატულებად იქცა. საუკუნეზე მეტი გავიდა მისი ჩაძირვიდან, თუმცა იგი დღემდე იწვევს ინტერესს თითქმის ყველა ასპექტით - არქიტექტურით, სოციალური მოწყობით, მგზავრთა ისტორიებითა და, რა თქმა უნდა, კულინარიული თვალსაზრისითაც. გემი, რომელიც "ჩაუძირავად" მიიჩნეოდა, პატარა მცურავ ქალაქს ჰგავდა, სადაც თითოეულ კლასს თავისი ყოველდღიურობა და კომფორტის დონე გააჩნდა. პირველი კლასის ფუფუნებიდან მესამე კლასის უბრალო, მაგრამ სუფთა და ორგანიზებულ კვებამდე, "ტიტანიკის" მენიუ მხოლოდ საკვების საკითხი არ ყოფილა, ის მკაფიოდ ასახავდა იმდროინდელ სოციალურ იერარქიას, კულტურულ გემოვნებასა და ცხოვრების წესს. ამიტომ ლაინერის კულინარიულ სამყაროში ჩახედვა მხოლოდ მენიუს გაცნობა კი არა, მთელი ეპოქის გაცნობაც არის.
რეალობის უკეთ აღსაქმელად, ჯობს, ცოტა შორიდან მოვუაროთ ამ თემას: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში სასტუმროების კვებას ეჭვის თვალით უყურებდნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები. ბევრი ძველი ოჯახი არც კი სადილობდა საჯაროდ. ედვარდიანულმა ეპოქამ სიახლეები მოიტანა და ეს დამოკიდებულება შეცვალა. ამ პროცესს თავის მხრივ ხელი შეუწყო ამერიკის თანამედროვე ინდუსტრიულმა წინსვლამ, რომელმაც მდიდართა ახალი ფენა წარმოშვა. ცვლილებების დრო დადგა საოკეანო ლაინერებზეც. აქ კლასობრივი სისტემა სოციალურზე მეტად ფინანსურ სტატუსზე გახდა დამოკიდებული. მანამდე არსებულ ორკლასიან სისტემაში უზარმაზარი განსხვავება იყო. მაღალი ფენის მგზავრებს თუ საუკეთესო კერძებს ფორმიანი სტიუარდები სპეციალურ მაგიდაზე მიართმევდნენ გერბით მორთული ფაიფურის ჭურჭლით, დაბალი კლასის მგზავრებს, რომელთა უმრავლესობას ბედის საძიებლად წასული ემიგრანტები შეადგენდნენ, მძიმე პირობებში უწევდათ მგზავრობა და საკვებიც ძალიან დაბალი ხარისხის იყო, მომსახურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე მათ საკუთარი ჭურჭელიც კი თან უნდა ჰქონოდათ. დაბალი კლასის ყველა მგზავრი გემბანის ქვეშ საკუთარი საწოლის გვერდით მიირთმევდა საჭმელს. საშუალო კლასის გაჩენამ აუცილებელი გახადა სამკლასიანი სისტემის დანერგვა, სადაც საშუალო შესაძლებლობის მგზავრებს მათთვის შესაფერის პირობებს შესთავაზებდნენ.
სწორედ "ტიტანიკის" მსგავსი გრანდიოზული ლაინერები იქცნენ ცვლილებების სიმბოლოდ. აქ სამკლასიანი სისტემა უკვე მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული: პირველი კლასის მგზავრებს ელიტარული რესტორნის დონეზე ემსახურებოდნენ, მეორე კლასში პირობები უფრო მოკრძალებული, მაგრამ მაინც დახვეწილი იყო, ხოლო მესამე კლასში - მინიმალური, თუმცა ორგანიზებული კვება და საცხოვრებელი უზრუნველყოფილი იყო. სწორედ ამგვარი სტრუქტურა წარმოაჩენდა, რომ საოკეანო ლაინერი იყო უკვე არა მხოლოდ საწყალოსნო ტრანსპორტი, არამედ სოციალური სტატუსის დემონსტრირების სივრცეც.
"ტიტანიკის" პირველ კლასში განსაკუთრებული მომსახურება იყო. კაიუტები აღჭურვილი თანამედროვე კომფორტით - ცხელი წყლით, ელექტროგანათებით, მგზავრებს ჰყავდათ პირადი მსახურები, ჰქონდათ წვდომა ისეთ ფუფუნებაზეც, როგორიცაა აუზი, სპა და ბიბლიოთეკა. იმავეს ვერ ვიტყვით მეორე და მესამე კლასზე, სადაც მომსახურების სტანდარტები უფრო დაბალი იყო, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა წინა პერიოდთან შედარებით. "ტიტანიკის" მომსახურება ხაზს უსვამდა არა მხოლოდ კომფორტს, არამედ უსაფრთხოებასაც, რაც იმ დროისთვის ახალი ტენდენცია იყო. ამ სტანდარტებმა საბოლოოდ განსაზღვრა თანამედროვე კრუიზული ხომალდების მომსახურების ხარისხი. გააგრძელეთ კითხვა