საფრანგეთის პროკურატურამ აცხადებს, რომ ილონ მასკისა და სოციალური პლატფორმა X-ის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო. საქმე შეეხება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების გავრცელებას, ე.წ. deepfakes- ებს, დეზინფორმაციას და ხელოვნური ინტელექტის სისტემა “Grok“ -ის მეშვეობით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების უარყოფაში სავარაუდო თანამონაწილეობას.

პარიზის პროკურატურის განმარტებით, X-ის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის არის ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების ფლობასა და გავრცელებაში თანამონაწილეობა, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების უარყოფა.
კომპანია X-სა და მის მფლობელს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია
გამოძიების ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო “ნებაყოფლობით გასაუბრებაზე“ დაიბარეს, რომელზეც ისინი არ გამოცხადდნენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მათი არყოფნა გამოძიების პროცესს ხელს არ შეუშლის.

მასკი “გასაუბრებაზე“ მას შემდეგ დაიბარეს, რაც თებერვალში, პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილების მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, X-ის საფრანგეთის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. მასკი და იაკარინო საქმეში მმართველების სტატუსით ფიგურირებენ იმ პერიოდში, როდესაც სავარაუდო დანაშაულები მოხდა. (იაკარინო აღმასრულებელ დირექტორად 2023 წლის მაისიდან 2025 წლის ივლისამდე მუშაობდა).
გამოძიების გაფართოების მიზეზი, X-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემა Grok-ის მიერ გენერირებული პოსტები გახდა, რომლებიც ჰოლოკოსტის უარყოფას (რაც საფრანგეთში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს) და სექსუალური ხასიათის ყალბ გამოსახულებებს გავრცელებას მოიცავდა.
კერძოდ, Grok-მა ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ “ოსვენციმ-ბირკენაუს“ საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერები არა მასობრივი მკვლელობისთვის, არამედ ტიფის საწინააღმდეგო “დეზინფექციისთვის“ იყო განკუთვნილი. მოგვიანებით ჩატბოტმა პოზიცია შეცვალა, აღიარა შეცდომა და წაშალა პოსტი, თუმცა ფაქტმა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.
მარტში პარიზის პროკურატურამ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და ფასიანი ქაღალდების ბირჟის კომისიასაც (SEC) მიმართა, პროკურორები ვარაუდობენ, რომ Grok - ის მიერ გენერირებული სკანდალური კონტენტი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო ორკესტრირებული, რაც X-ისა და xAI-ის კომპანიების ღირებულების ხელოვნურად გაზრდას ისახავდა მიზნად, ეს კი დამატებით კრიმინალურ დანაშაულს წარმოადგენს.