ავტორი:

უფასო საცხოვრებელი, კვება და 400-ევროიანი სტიპენდია - მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც ერთი თვე ალპებში იცხოვრებენ: ვის შეუძლია კვლევაში მონაწილოება?

უფასო საცხოვრებელი, კვება და 400-ევროიანი სტიპენდია - მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც ერთი თვე ალპებში იცხოვრებენ: ვის შეუძლია კვლევაში მონაწილოება?

იტალიის ალპებში ერთი თვით დასვენება, როგორც წესი, საკმაოდ დიდ ხარჯებთან - საცხოვრებლის, კვებისა და ტრანსპორტირების თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, 2026 წელს მოხალისეთა მცირე ჯგუფს სრულიად განსხვავებულ პირობებს შესთავაზებენ: უფასო საცხოვრებელი, კვება და 400 ევროს ოდენობის სტიპენდია ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრებისთვის.

გამოცემა IDR-ის ცნობით, ამ პროექტის ფარგლებში მეცნიერები ადამიანის ორგანიზმის რეაქციებს შეისწავლიან. კვლევა იტალიის ალპებში ჩატარდება და მასში მონაწილე ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანები ოთხი კვირის განმავლობაში მაღალმთიან თავშესაფარში იცხოვრებენ.

ექსპერიმენტის მიზანია დადგინდეს, რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე მთაში ხანგრძლივად ყოფნა.

კვლევა 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში, სტელვიოს ეროვნულ პარკში მდებარე ნინო კორსის თავშესაფარში იგეგმება.

  • კვლევის მიზანი და მნიშვნელობა

მონაწილეები მთაში მხოლოდ პეიზაჟებით დასატკბობად არ იქნებიან. მეცნიერები მუდმივად დააკვირდებიან მათი გულისა და ფილტვების მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ძილის ხარისხს, მადასა და ფიზიკურ გამძლეობას.

არსებული მონაცემებით, 200 მილიონზე მეტი ადამიანი მუდმივად ცხოვრობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღალ სიმაღლეზე, კიდევ უფრო მეტი კი ასეთ ადგილებს ლაშქრობის, თხილამურებით სრიალის, სამუშაოს ან გამძლეობის დასავარჯიშებლად სტუმრობს.

თუმცა, Eurac Research-ის თანახმად, კვლევების უმეტესობა 3400-დან 5000 მეტრამდე სიმაღლეზე ტარდებოდა, სადაც გაიშვიათებული ჰაერის გავლენა უფრო ძლიერია, მაგრამ ნაკლებად ასახავს მთაში ყოველდღიური ცხოვრების რეალურ სურათს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სიმაღლეზე დაბალი ატმოსფერული წნევა ყოველი ჩასუნთქვისას ორგანიზმის მიერ ნაკლები ჟანგბადის მიღებას ნიშნავს. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობაზე, ხოლო კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე - სიმაღლის დაავადება (ე.წ. მთის ავადმყოფობა) გამოიწვიოს.

  • მონაწილეობის პირობები

გამოცემის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 24 ადამიანი, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზღვის დონესთან ახლოს ცხოვრობენ.

ძირითადი ფაზის ფარგლებში, ისინი ოთხ კვირას გაატარებენ მთის თავშესაფარში, 2000-დან 2500 მეტრამდე სიმაღლეზე. მათი კვება და ფიზიკური აქტივობა მკაცრად გაკონტროლდება, რათა მკვლევარებმა შეძლონ ერთმანეთისგან გამიჯნონ სიმაღლის გავლენა და ყოველდღიური ჩვევების ცვლილებით გამოწვეული შედეგები.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ კვლევა სამი ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად, მონაწილეები ერთ კვირას დაჰყოფენ სილანდროში (ზღვის დონიდან 720 მეტრზე), სადაც მეცნიერები საწყის მონაცემებს შეაგროვებენ.

ამის შემდეგ, ისინი გადაინაცვლებენ ნინო კორსის თავშესაფარში, რომელიც დაახლოებით 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და იქ ოთხი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირას მოხალისეები ბოლცანოში გაატარებენ, სადაც სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ იმის დასადგენად, თუ რა შეიცვალა ორგანიზმში დაბალ სიმაღლეზე დაბრუნების შემდეგ.

გამოცემა განმარტავს, რომ კვლევის ასეთი სქემა მეცნიერებს აძლევს საშუალებას, მიიღონ არა მხოლოდ მდგომარეობის ერთჯერადი სურათი, არამედ შეადარონ თითოეული ადამიანის მონაცემები სიმაღლეზე ასვლამდე, ყოფნისას და დაბრუნების შემდეგ. რამდენიმე კვირის განმავლობაში გუნდს შეეძლება დააკვირდეს, როგორ ეგუება ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მსგავსი შეთავაზება მოხალისეებისთვის მაინც მიმზიდველად გამოიყურება. მათ შეეძლებათ თავისუფალი დრო დისტანციური მუშაობისთვის, სწავლისთვის ან ალპურ ბუნებაში დასასვენებლად გამოიყენონ.

ამავდროულად, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს არის საველე კვლევა და არა ჩვეულებრივი შვებულება: კონტროლირებადი კვება, აქტივობის დადგენილი რეჟიმი, რეგულარული ტესტირება და ერთი თვე კვლევის პროტოკოლის მიხედვით ცხოვრება.

  • ვინ შეიძლება გახდეს მონაწილე?

მეცნიერები არ ეძებენ სპორტსმენებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე შეჩვეულები არიან მთაში ცხოვრებას. კვლევაში მონაწილეობის უფლება აქვთ 18-დან 40 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს.

გარდა ამისა, მოხალისეები პროექტის დაწყებამდე ერთი თვის განმავლობაში არ უნდა იმყოფებოდნენ 1500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. ეს წესი მკვლევრებს ეხმარება მუშაობა დაიწყონ იმ ადამიანებთან, რომელთა ორგანიზმიც ბოლო პერიოდში სიმაღლესთან ადაპტირებული არ ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთაში წინასწარ ყოფნამ შესაძლოა კვლევის შედეგები დაამახინჯოს. წყარო